პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შექმნის უფლება, 6-ის ნაცვლად, 7 დეპუტატს ექნება. ამასთან, ერთი პოლიტიკური პარტიის ან/და ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

რაც შეეხება სხვადასხვა პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატების მიერ ერთი ფრაქციის შექმნას, ამ საკითხზე პარლამენტის წევრების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. შედეგად, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტში აისახა და თუკი პირველი მოსმენით წარმოდგენილი ვარიანტის თანახმად, სხვადასხვა პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს ეკრძალებოდათ ერთ ფრაქციაში გაერთიანება, მესამე მოსმენით დამტკიცებულ პროექტში ეს ნორმა ამოღებულია.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც. კერძოდ, ფრაქციის ხელმძღვანელი კვლავინდებურად იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ფრაქციის ყოველ 15 წევრზე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 1 მოადგილე, ხოლო თუ მას ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პირველი მოადგილის სტატუსი. წარმოდგენილი პროექტით უქმდება ფრაქციის მდივნის თანამდებობა.

ასევე, ფრაქციის შექმნისას, ფრაქციის წევრები შეიმუშავებენ მხოლოდ ფრაქციის წესდებას და პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების საჭიროება აღარ იარსებებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა