საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, პუტინის რეჟიმის ძალაუფლების გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს წარმოშობს და საფრთხეებიც შენარჩუნდება.
„ძალიან დიდ, საფუძვლიან ეჭვს იწვევს ამომჩევლების მიერ 77,93%-იანი მხარდაჭერა. ეს იგივეა, როგორც „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, თბილისს რუსეთში დემოკრატიის სჯეროდეს. 18 წელია პუტინი ხელისუფლებაშია და კიდევ 2036 წლამდე უნდა, რომ იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეიცვლება. თავად კონსტიტუციურ პროცესს რაც შეეხება, ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება - პუტინის ხელისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდეს. ყველა ჩანაწერი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებში იყო, მათ შორის სასამართლოს სისტემასთან, ფედერაციის სუბიექტებთან მიმართებით, მათ შორის საპარლამენტო უფლებამოსილების შემცირება, ეს ყველაფერი აბსოლუტური ძალაუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ, მე ამას ერთგვარ კონსტიტუციურ გადატრიალებას დავარქმევდი. ბუნებრივია, რუსეთის მეზობლებისთვის, მათ შორის ჩვენთვის ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოშობს და საფრთხეებიც ნარჩუნდება. კიდევ უფრო გაძლიერებული კონსტიტუციური მუდმივობის პირობებში, რას მოიმოქმედებს რუსეთი, ამის შეფასება ძალიან რთულია“,-აცხადებს ბოძაშვილი.
ამასთან, ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების სათავეში 2036 წლამდე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება.
„თუ პუტინი 2036 წლამდე ხელისუფლებაში ექნება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არ შეიცვლება, რადგან ამ თემაზე ისინი ვერანაირი დიალოგის საჭიროებას ვერ ხედავენ. დიალოგის წარმოებაზე საუბარს რა რაციონალური აზრი შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ოკუპანტი გეუბნება, რომ ამ საკითხზე შენთან საუბარს არ ვაპირებო. სხვა ფორმატი, როგორიც არის ჰუმანიტარული, ტექნიკური თუ სხვა, ეს ფორმატი კარასინი-აბაშიძის ფორმატში არსებობს. სხვა რაზე შეიძლება რუსეთს ესაუბრო, თუ არა უსაფრთხოებაზე, რომელიც უშუალო კავშირშია ოკუპაციასთან. ამიტომ ვამბობ, 2036 წლამდე თუ ეს ადამიანი ხელისუფლებაში იქნება, ბუნებრივია, მათი მიდგომებიდან გამომდინარე, ამ საკითხში არაფერი შეიცვლება. ამიტომ, აპელირება იმაზე, რუსეთთან დიალოგი ვაწარმოოთ და ასე შემდეგ, ეს არის საკუთარი თავის მოტყუება და პრორუსული განწყობების გაძლიერება, ადამიანებში იმ ილუზორული იმედის ჩასახვა, რომ რუსეთთან რამეზე მოლაპარაკება შეიძლება. რუსეთი ცალსახად გვეუბნება, რომ ამ საკითხზე არ გესაუბრებითო. ამიტომ, ჩვენზე კი არ არის დამოკიდებული, გვინდა თუ არა დიალოგი, ისინი არ მოდიან დიალოგზე და არაფრის დათმობას არ აპირებენ“,-აცხადებს ბოძაშვილი.
რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს, ბოძაშვილის შეფასებით, რუსეთი სხვადასხვა ფორმებით საქართველოს არჩევნებში უკვე ერევა.
„რუსეთის ხელისუფლებას უკვე იმდენად აქვს არჩევნებში ჩარევის გემო დაჭერილი, ბუნებრივია, ის კვლავ ეცდება ამ არჩევნებში ჩაერიოს, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნების არჩევნებში, განსაკუთრებით, ევროპაში. ის ამას სხვადასხვა ფორმებით ცდილობს, მილიარდებს ხარჯავს პროპაგანდაზე, ულტრარადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს აფინანსებს. შესაბამისად, საქართველოში რა შეუშლის ხელს, რომ ამის სურვილი არ გაუჩნდეს?! გეტყვით, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში უკვე ერევა. არჩევნები არ არის ერთი დღე და უბანზე ხმის მიცემის დროს ადამიანზე ზემოქმედება. არჩევნებში ჩარევა ნიშნავს მთელი პროპაგანდისტული მანქანის ამოქმედებას, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ეს შეეხება რუსული „რბილი ძალის“ გაძლიერებას, როგორიც არის სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების, კონკრეტული ინდივიდების საქმიანობების დაფინანსება და ხელშეწყობა, ანტი-ევროპული და ანტი-დასავლური პროპაგანდა, ყალბი ახალი ამბების გავრცელება, ყველაფერი ეს უკვე არის არჩევნებში ჩარევა, რადგან ის ემსახურება ერთადერთ მიზანს-მოახდინოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და ისეთი საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბოს, რომელიც ქვეყანაში პრორუსულ განწყობებს განავითარებს და შემდეგ ამას არჩევნებზე ასახავს. ამიტომ, თავს ნუ მოვიტყებთ, რომ ის მომავალში ჩაერევა, რუსეთი საქართველოს არჩევნებში უკვე ერევა და ამას სწორედ ასეთი მეთოდებით გამოხატავს“,- აცხადებს ბოძაშვილი.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ მოახერხა 2018 წლის შემდეგ არსებული საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება.
„დღეს ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა არის ის კონკრეტული რისკები, რომელიც მომდინარეობს. ნებისმიერი ტიპის პროპაგანდა, რომელიც პოლიტიკური განწყობების შექმნას, ფორმირებას და მის საფუძველზე არჩევნების შედეგებს უკავშირდება, ბუნებრივია, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომ, პირველ რიგში, ბუნებრივია ეს რუსეთისგან მომდინარეობს. ეს ყველაფერი სახელმწიფოს პოლიტიკასა და სტრატეგიაში უნდა იყოს ასახული, მათ შორის იმ დოკუმენტებში, რომელიც კანონით არის განსაზღვრული და რომელიც აქამდე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, არ გაკეთდა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს უსაფრთხოების საბჭო ამ ყველაფრის შემუშავებას“,-აცხადებს ბოძაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების 99,9 % დათვლილია და ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომჩევლების 77,93% უჭერს მხარს. ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.