პრემიერი - ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს - საქართველო და აშშ სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან

ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს ქართველი ერი, რომელიც მტკიცედ ადგას თავისუფლების, დემოკრატიის განმტკიცების, ძლიერი ეკონომიკის მშენებლობის და თავისი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზას.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამ პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის.

თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ მხარში უდგას საქართველოს. ჩვენ ერთად დავძლიეთ ბევრი გამოწვევა, მივაღწიეთ ბევრ მიზანს და ბევრი ერთობლივი წარმატების მომსწრენიც გავხდით. დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ამ ბრძოლიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ, როგორც სახელმწიფოები, როგორც პარტნიორები და მოკავშირეები“, - აცხადებს გიორგი გახარია.

პრემიერის შეფასებით, საამაყოა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.

„ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიზიდოს მეტი ამერიკული ინვესტიცია და კომპანია საქართველოში. უხილავ მტერთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის აშშ-ის ახალ ელჩ კელი დეგნანს და საელჩოს მთელს გუნდს.

„წელს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი გვყავს. მადლობას ვუხდი გაწეული ძალისხმევისთვის ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ამერიკის საელჩოს მთელს გუნდს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენს ერებს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - აცხადებს გიორგი გახარია.

იხილეთ ვიდეო:

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო