დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.

08:00 საათზე, თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე ეწვია, რომელიც საგამოცდო პროცესის მსვლელობას პირადად აკვირდებოდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

"მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით, ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს: ფიზიკური დისტანცია;

ხელების ჰიგიენის დაცვის წესი; რესპირატორული ეტიკეტი; ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი; კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე; აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია; დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რე-ცირკულაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომლებიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C-ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი: სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; კონდიციონერის მუშაობისას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С -ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია, საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო:ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს