მიხეილ ჩხენკელი - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები პირადად დაათვალიერა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თითოეული აბიტურიენტი გამოცდებს თავს წარმატებით გაართმევს, რადგან გამორჩეულმა თაობამ უკვე დაატკიცა, რომ შეუძლიათ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდნენ.

„დღეს ვიწყებთ საგამოცდო პროცესს, რომელიც გაგრძელდება 25 ივლისამდე. ცნობილი მიზეზების გამო წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას.

ეს გამორჩეული თაობაა. მათ უკვე დაატკიცეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. მჯერა, რომ ასეთივე წარმატებით, ისინი თავს გაართმევენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები.

მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში სპეციალური წესები მოქმედებს. გარდა იმისა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე ხდება, ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი. ბუნებრივი განიავებისას კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია თუმცა, ჩართული კონდიციონერის პირობებში პირბადე სავალდებულოა და აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა: აუცილებელია შენარჩუნებული იყოს: ფიზიკური დისტანცია; ხელების ჰიგიენის დაცვის წესი; რესპირატორული ეტიკეტი; ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი; კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე; აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია; დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რე-ცირკულაცია. ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომლებიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს