შოთა ხაბარელი - ვხედავთ, რომ შეტევა ხდება სპორტსმენებზე - არ უნდა გავაიგივოთ ყველასთან რამდენიმე სპორტსმენის მიერ დანაშაულის ჩადენა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ გამოჩენილი სპორტსმენების მიმართ შეტევა მიმდინარეობს. როგორც ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ძალიან ცუდი ეპითეტებით მოიხსენიებენ, რაც სპორტსმენების დისკრედიტაციას ახდენს და მომავალ თაობაზეც ნეგატიურად აისახება. ამასთან, ხაბარელმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ უნდა გავაიგივოთ ყველასთან რამდენიმე სპორტსმენის მიერ დანაშაულის ჩადენა.

„პირველ რიგში, მინდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. ნამდვილად ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ ის შეფასება, რასაც ვისმენთ, არანაირად არ ესადაგება იმ ქართველი სპორტსმენების დიდ წარმატებას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუთქვეს სახელი. მინდა მაგალითისთვის 2019 წელს ჩვენი სპორტსმენების შედეგები მოგიყვანოთ. ჩვენი სპორტსმენების მხრიდან 1200 მედალია მოპოვებული. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 1200-ჯერ აიწია საქართველოს დროშა, ეს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გაცნობაა მსოფლიოსთვის. საქართველოში ვხედავთ, რომ შეტევა ხდება სპორტსმენებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთი ცნობადი გახადეს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიმართული დისკრედიტაციაა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენების მიმართ და ასევე, მომავალი თაობისთვის ძალიან ცუდი მაგალითია. როდესაც გამოჩენილ სპორტსმენებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები უწოდებენ „კუნთმაგარსა“ და „გონებაჩლუნგს“, კიდევ არ ვიცი, რანაირი ეპითეტებით მოიხსენებენ, ეს მომავალ თაობაზე უარყოფითად მოქმედებს. ისინი ფიქრობენ, როგორ შეიძლება ჩვენ მომავალში წარმატებული სპორტსმენები ვიყოთ, როდესაც ადამიანები ასეთი ეპითეტებით მოგვიხსენიებენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. გაიხსენოს ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ, როგორი შეტევა იყო იგივე ტალახაძეზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია და არა მხოლოდ ტალახაძე, უამრავი სხვა სპორტსმენი, რომლებმაც ქვეყანა ასახელეს და არანაირი კავშირი არ აქვთ ისეთ ეპითეტებთან, რასაც ჰქვია კრიმინალი და დამნაშავეთა ქმედება.

ამიტომ, მოვუწოდებდი იმ ადამიანებს, ვინც ასე მოიხსენიებენ ქართველ სპორტსმენებს, თავი შეიკავონ, რადგან ჩვენ სპორტსმენებს ქვეყანა უყვართ და მათ ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალადობა მიუღებელია. სამწუხაროდ, გვხვდება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა კრიმინალია, მაგრამ არ უნდა გავაიგივოთ ყველასთან რამდენიმე სპორტსმენის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენა. ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას“,-აცხადებს ხაბარელი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან რამდენიმე სპორტსმენია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს