გიგა ბოკერია - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ - შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, უაღრესად საგანგაშო სიგნალია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ზიანის მიყენებას აგრძელებს.

„ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს ივანიშვილის გუნდი და მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას მის შიგნითა და გარეთ. იმის მაგივრად, რომ ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს ჩვენი მოქალაქეებისთვის წნეხი დაეწია, როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, რომ შანსი მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სიღარიბეში არ გადავარდნილიყვნენ, არ გაკოტრებულიყო ბიზნესები და შემოსავალი დრამატულად არ შემცირებულიყო და კონკურენციაში ვყოფილიყავით, ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის პირდაპირი ზიანის მომტანია“,-აცხადებს ბოკერია.

მისი შეფასებით, ეს არის მკაფიო გზავნილი აშშ-ის მხრიდან, რომლითაც ვაშინგტონი საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი გაჭირვების დროს ვლობირებდეთ თავისუფალ ვაჭრობას შეერთებულ შტატებთან და ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით დახმარებას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ, შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი. დღეს ივანიშვილის ნაბიჯებით შეშფოთება ღრმაა, რომელსაც ის დგამს ჩვენს ქვეყანაში და რომლითაც მან ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“,-განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში