ზაალ უდუმაშვილი - ქვეყანაში დიქტატურა კანონდება,  ახლა დუმილი დანაშაულია - მივმართავ ყველას, წინ აღვუდგეთ ივანიშვილის სურვილს, მოახდინოს მედიის უზურპაცია

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს „21-ე საუკუნის დიქტატურის მეთოდებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ პროცესს ყველა წინ უნდა აღუდგეს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს სწორედ ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ხელში ჩაიგდო მთელი რუსული მედია და ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად იმავე გზას ადგას.

„ქვეყანაში დიქტატურა კანონდება. ის ცვლილებები, რომელიც პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა, სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაკანონება. ამ ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი უფლებები, მათ შორის ის, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიასაშუალებაში შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა და ამ მმართველსაც, თავის მხრივ, გააჩნია განუსაზღვრელი უფლებები, მათ შორის ისიც, რომ მედიასაშუალების აქციების პაკეტიც გაყიდოს. ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, გასაჩივრდება თუ არა სასამართლოში ჯარიმების ოდენობა, ეს სწორედ ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ხელში ჩაიგდო მთელი რუსული მედია და ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად იმავე გზას ადგას. ეს არის 21-ე საუკუნის დიქტატორის მეთოდები, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი, როგორ დაასრულეს დიქტატორებმა თავიანთი „მოღვაწეობა“, მათ შორის ამის მაგალითები არსებობს უახლოესი წლების განმავლობაში და ნამდვილად არავის აქვს სურვილი, რომ იგივე სცენარი საქართველოში განმეორდეს“,-აცხადებს უდუმაშვილი.

მისი განმარტებით, წელს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ტარდება, რომელშიც გადამწყვეტი როლი სწორედ თავისუფალ მედიას და სიტყვის გამოხატულებას ეკუთვნის.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა ვიყავით მომსწრე იმისა, თუ როგორ ებრძოდა ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც მის გავლენის ქვეშ არ იყო, დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მედიამფლობელების წინააღმდეგ, მიმდინარეობს ოპოზიციური არხების სამართლებრივი და პოლიტიური დევნა, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს არხები მუშაობას განაგრძობენ. ამ ახალი კანონის მიხედვით, ხელისუფლებას ხელში ეძლევა ბერკეტი, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე შეუძლია ტელევიზიაში შეაგზავნოს დროებითი მმართველები და პრაქტიკულად დააწესოს ცენზურა ტელევიზიაზე. ახლა, როცა ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქართული მედია, დუმილი დანაშაულია. მივმართავ ყველას, ერთად აღვუდგეთ წინ ივანიშვილის სურვილს მოახდინოს მედიის უზურპაცია“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. კომისია ხაზს უსვამს, რომ ეს ცვლილებები არ ეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო