მორაგბეების ადვოკატი - იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში პირველი ზარი 19 ივნისს არის განხორციელებული, მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად კი მითითებულია 30 ივნისი - გვაქვს ეჭვი, რომ ფაილი შესაძლოა, მინიმუმ დამუშავებული იყოს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერის გამოთხოვის განჩინება 23 ივნისს ჰქონდა, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოითხოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მამულაშვილი აცხადებს, აღნიშნული ჩანაწერი საგამოძიებო ორგანომ დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ არ გადასცა და ისე გაასაჯაროვა.

„მნიშვნელოვანია ის, თუ როდის გაასაჯაროვა საგამოძიებო ორგანომ 112-ის ჩანაწერი. განჩინება 23 ივნისს არის მიღებული, გასათვალისწინებელია, რომ 112 შსს-ს დაქვემდებარებაშია, დაახლოებით, 10-15 წუთი იყო საჭირო იმისთვის, რომ ამის ტექნიკურად გამოთხოვა 23 ივნისსვე მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა იყო, საგამოძიებო ორგანო ამ პროცესს 7 ივლისს, 13 საათსა და 55 წუთზე ასრულებს და 14:00 საათზე მინისტრის მოადგილე პრესკონფერენციას იწყებს, ანუ საგამოძიებო ორგანომ ბრიფინგამდე 5 წუთით ადრე მიიღო გამოთხოვილი მასალა. მნიშვნელოვანი იცით რა არის? საგამოძიებო ორგანოში 7 ივლისს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვიყავით და ეს ჩანაწერები დაახლოებით, 6-7 საათზე გადმოგვცეს, ვინაიდან მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს ეს მტკიცებულებები არ ჰქონდა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, თუ საქმეში არსებობს მტკიცებულება და ადვოკატი დილის 10 საათიდან იწყებს მოთხოვნას, გასაჯაროებები და მონტაჟი, ხმები კი არ უნდა გაკეთდეს, ეს მტკიცებულება ჯერ დაცვის მხარეს უნდა გადასცენ. ეს იცით რას ნიშნავს? ბრალდებას მინიმუმ, ეს მტკიცებულება ჰქონდა და ჩვენ დაუყოვნებლივ არ გადმოგვეცა, რაც მის დაუშვებლობას იწვევს“, - აცხადებს მამულაშვილი.

ადვოკატის თქმით, 112-ში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ ზარი 19 ივნისს, 00:51 საათზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად 30 ივნისი, 23:30 საათია მითითებული.

„იმისათვის, რომ მტკიცებულება დასაშვები იყოს, მისი წარმომავლობა და ავთენტურობა ცნობილი უნდა იყოს, რომელიც შესაბამისი ექსპერტიზით დასტურდება. მათ შორის, ფონოსკოპიური ექსპერტიზის კუთხით, ხმის შედარებით, მაგალითად, ხომ არ არის გადაკეთების, მონტაჟის კვალი და ა.შ. ეს პირველადი ეჭვები დაცვის მხარეს გაგვიჩნდა. თუკი, ფაილებს შევისწავლით, ვნახავთ, რომ 112-ში პირველი ზარი 19 ივნისს, 00:51 საათზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად მითითებულია 30 ივნისი, 23:30 საათი და ჩვენ გვაქვს გონივრული და დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს ფაილი შესაძლოა, მინიმუმ დამუშავებული იყოს. არ ვსაუბრობთ ეს ახლიდან შექმნილია, თუ ახლიდან ჩაწერილი და ა.შ. ეს არის მინიმუმ დამუშავებული. რაც არ უნდა გადაწერა მოხდეს სხვა დისკზე, კომპიუტერში, შექმნის თარიღი უცვლელი რჩება. ამ კუთხით კითხვები არის და ეს უნდა გამოიკვლიონ“, - აცხადებს მამულაშვილი.

მისივე განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირების და ასევე, ანი გაბეჩავას მიმართ ექსპერტიზა მომხდარი ფაქტიდან 18 დღის დაგვიანებით, 6 ივლისს დაინიშნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს