დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, ხოლო შემოდგომის ბოლოდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი გვაქვს სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარება.
„დაგეგმილია და ახლო მომავალში ეტაპობრივად დავიწყებთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევას, ხოლო შემოდგომის ბოლოდან დიდი, ეროვნული სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი საქართველოში. ამასთან, სეროპრევალენტობის კვლევა გვიჩვენებს იმუნიტეტის ჭრილს კონკრეტულ მომენტში კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის და რაღაც პერიოდის განმავლობაში სურათი შეიძლება სრულიად შეიცვალოს დინამიური ეპიდემიური პროცესების გათვალისწინებით. ვნახოთ რა სიტუაცია გვექნება. ჩატარდება ელაიზა მეთოდით, დაგეგმილია ყველაზე კარგი სეროლოგიური ტესტების გამოყენებით. კიდევ გვჭირდება მცირე მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება კვლევა,“-აღნიშნა ზახაშვილმა.