ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის უფლებადამცველი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია იმის შესახებ, რომ ბარბაქაძეზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გოგონა, რომელსაც ბარბაქაძეს მიმოწერა ჰქონდა, საქმეთან არანაირ კავშირში არ არის.
„ის ბავშვი, რომელთანაც მიმოწერა აქვს, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს საქმესთან, ეს არის პირადი ინფორმაცია და პირადად წერენ ერთმანეთს. ეს შეტყობინებები მე თქვენი მეშვეობით ვნახე და მერე დავინტერესდი და დედანში გავეცანი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ბარბაქაძე უკვე რამდენჯერმე დაკითხული იყო, ასევე ვიდეოს დათვალიერება ხდებოდა და შესაბამისად მან იცოდა, რომ ვიღაც დაკარგულია. ჩვენ შევხვდით რამდენჯერმე, ვკითხე, რაიმე ზეწოლა ხომ არ იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან წინასწარი დაკავების საკანში, მაგრამ ჩემთვის აღნიშნული გაცხადებული არ ყოფილა“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ "მედიაცენტრ მთავარში".
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მცხეთიდან თემქაზე არ წასულა. ფოფხაძის ინფორმაციით, ბარბაქაძე დილის შვიდის ნახევრამდე იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თემქაზე არ ყოფილა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა დაბადების დღეზე და ღამე გაატარა თავის ავტომობილში, აგარაკიდან მიახლოვებით 30-40 მეტრის დაშორებით. შემდეგ, როცა უკვე გამოფხიზლდა, თავის ავტომობილით გადაადგილდა თბილისისკენ“, - განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძე აცხადებს, რომ მას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულის შესახებ ბარბაქაძემ დაკავებამდე მეგობარ გოგოს მიწერა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ თენგიზ ბარბაქაძე მის მეგობარს სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვაზე ესაუბრება და აღნიშნავს, რომ დაკავების ეშინია.
„20-21-ში კეტავენ წყალსაცავს და წყალი დაიკლებსო... ანი, შეიძლება დამიჭირონ, ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი მათგანი... დამკითხეს, მთელი ღამე იქ ვიყავი, ტელეფონი წამართვეს... მირტყეს მაგრად. ასე არასდროს შემშინებია. არ მინდა, რამე ცუდი მოხდეს... მაგ ბიჭისთვის თითი არ დაგვიდია“, - წერს ბარბაქაძე.