იანუშ ბუგაისკი - დახმარების სანაცვლოდ პირობების წამოყენება ეფექტური გზაა საქართველოს პროგრესის გასაზომად - ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებში დემოკრატიის უკუსვლა შეინიშნება

დახმარების სანაცვლოდ პირობების წამოყენება ეფექტური გზაა საქართველოს პროგრესის გასაზომად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რეგიონში, ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებში დემოკრატიის უკუსვლა შეინიშნება, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტმა, იანუშ ბუგაისკიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პროგრესი უფრო მაღალი სტანდარტით იზომება, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების. მიზეზი საქართველოს წარმატებებია, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტი, სტივენ ბლენკი კი აღნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტს კანონის ძალა ჯერ არ აქვს, რომ დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ამ დახმარების სანაცვლოდ აღებულ ვალდებულებებს. ბლენკის აზრით, საქართველო გამონაკლისი არ არის და აშშ-ის კონგრესი ვითარების შესწავლას ყველა იმ სახელმწიფოში ითხოვს, რომელსაც ამერიკა ფინანსურად ეხმარება. ამის მიუხედავად, ბლენკის აზრით, “წარმომადგენელთა პალატის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში მაინც შეინიშნება იმედგაცრუება უკანასკნელ ხანს საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რამაც საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი ქუჩაში გამოიყვანა”. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ გაფრთხილება უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს, რომ თუ ქვეყნის მართვის პროცესში კონკრეტული პირობები არ დაკმაყოფილდება, ამერიკული დახმარება შემცირდება.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პროცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა