სალომე სამადაშვილი - ივანიშვილს და მის ხელისუფლებას სრულად აქვს დაკარგული ყველანაირი ნდობა ვაშინგტონში

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებშიც კი ახერხებს იმას, რომ გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სამადაშვილის თქმით, გუშინ კონგრესის კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტში ჩადებული ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ დროა საქართველოში ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდეს.

ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი ამ უკანასკნელ თვეებშიც კი, რაც დარჩა მათი მმართველობის ჩვენს სახელმწიფოში, ახერხებს იმას, რომ გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან და საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა ურცხვი ტყუილები, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან და უმრავლესობის წარმომადგენლებისგან იმის თაობაზე, რომ რეალურად ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას ჩვენი ქვეყნისთვის, გუშინ კონგრესის ყველაზე გავლენიანმა კომიტეტმა, საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ რჩება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა სერიოზული დახმარება ქართველი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ რამდენადაც ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას სრულად აქვს დაკარგული ყველანაირი ნდობა დღეს ვაშინგტონში, ეს ფინანსური სანქცია, რომელიც ჩაიდო კანონპროექტში არის გზავნილი იმისთვის, რომ ქვეყნაში განხორციელდეს ფუნდამენტური და გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს