რომან კაკულია - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებმა  მედიაში მღელვარება გამოიწვია, მისი წარმოდგენილი ვერსიით მიღება აღარ მოხდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას ინფორმაციით, იმ კანონპროექტის შეცვლა იგეგმება, რომლის თანახმადაც კომუნიკაციების კომისიას ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებდა.

კაკულიას განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტმა მედიაში მღელვარება გამოიწვია, მისი წარმოდგენილი ვერსიით მიღება აღარ მოხდება.

„ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის. რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად. კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან,” - განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა