ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეებს ახალი ბრალდება წარუდგინონ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ახალი, უფრო მძიმე ბრალდება წაუყენოს.

როგორც მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, არჩილ გაგნიძესა და ვასილ მახარაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდება მტკიცებულებების გარეშე წარუდგინეს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასაც წაუყენებენ. შეგახსენებთ, რომ სსკ-ის 109 მუხლი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„რაც შეეხება იმას, გვაქვს თუ არა მოლოდინი, რომ ახალი ბრალდება წარედგინოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ამას ჩვენ არ გამოვრიცხავთ. თუ ჩვენ ბრალი წაგვიყენეს 143-ე მუხლით ( თავისუფლების უკანონო აღკვეთა), როდესაც მტკიცებულება არ არსებობდა, რა გასაკვირი იქნება, რომ ჩვენ წაგვიყენონ ბრალი მათ შორის, 109-ე მუხლით?!. წარდგენა არ არის მთავარი, მთავარია შემდგომში დადასტურება,“ - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი ფიგურანტები გამოიკვეთოს.

„იმ ადგილზე 3-4 მანქანაზე ბევრად მეტი მოძრაობდა და ეს მათ შორის, ჩანს გამოკითხვების ოქმებიდან. გამოკითხვის ოქმებში საუბარია, რომ ე.წ. საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა იმ მომენტში, როდესაც „მერსედესის ინციდენტი“ მოხდა. მე ვიცი საქმის მასალებიდან, რომ გარკვეულწილად არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს, მაგრამ არ განაცხადეს პოლიციაში. მე არ მინდა პირების იდენტიფიცირება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ მოწმეებიდანაც აიღეს ნერწყვის ნიმუში, ტანსაცმელი და ა.შ.“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

ცნობისთვის, 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს