"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის კომიტეტზე განხილვა გადაიდო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღევანდელ სხდომაზე აღარ განიხილება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, კაკულიას თქმით, პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსი მაქსიმალურად უნდა იქნას მიღწეული.

"გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ცხადია, ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი. ასეთი შეხვედრა შედგა შაბათს და ვფიქრობ, კიდევ არის დარჩენილი რესურსი შემდგომი შეთანხმებისთვის," - განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო