სოფო კილაძე - კობა კობალაძის შვილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, კანონის წინაშე თანასწორია

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია თანაბრად ვრცელდება როგორც პარლამენტის დეპუტატ კობა კობალაძის შვილზე, ასევე სხვა მოქალაქეებზე. აღნიშნული განცხადებით დეპუტატი კობალაძის შვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას გამოემხმაურა.

კილაძის თქმით, ამ საქმესთან კობალაძის შვილის შემხებლობა არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება მიკერძოებული იქნება.

"ის, რომ მისი ოჯახის წევრი, ამ შემთხვევაში შვილი, გარკვეულ თემასთან არის კავშირში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება აპრიორი არის მიკერძოებული. მესმის, რომ გარკვეული მედიასაშუალებები ამას ტირაჟირებენ და შეეცდებიან ეს თემა გამოიყენონ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ფაქტებს. დღეს რამდენადაც ვიცი, მოხდება აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მსჯელობა, დანარჩენი დავაკვირდებით საქმის მსვლელობას და გაირკვევა ყველაფერი. კობა კობალაძის შვილი ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, კანონის წინაშე არის თანასწორი და მასთან მიმართებითაც დარწმუნებული ვარ ისეთივე მიდგომა იქნება, როგორც სხვა ადამიანების შემთხვევაში. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ეს უდანაშაულობის პრეზუმფცია ასევე თანაბრად ვრცელდება ყველაზე- კობა კობალაძის შვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალქე"- განაცხადა კილაძემ.

საქმე ეხება თბილისში, 24 ივნისს მომხდარ ფაქტს, რომელზეც ინფორმაცია შსს-მ 12 ივლისს გაავრცელა. აღნიშნულ საქმეში კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. გარდა ამისა, საქმეზე, შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ორი პირი. „2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო