გიორგი ვაშაძე ავტოიმპორტიორებთან დაკავშირებით მთავრობას 3 მოთხოვნით მიმართავს

დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში, მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საავტომობილო ბიზნესზე საუბრისას განაცხადა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი რუსთავის ავტობაზრობას ესტუმრა და ავტოიმპორტიორების პრობლემები პირადად მოისმინა. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 3 მოთხოვნა წარუდგინა, რომელზეც ხელმოწერების შეგროვებასაც აპირებენ.

„მანქანების რეექსპორტი საქართველოსთვის იყო ასობით მილიარდის შემოსავლის შემომტანი. დაახლოებით შვიდასი მილიარდი იყო ამ სფეროში ბრუნვა გასულ წელს. უმძიმეს ვითარებაში და მდგომარეობაშია ათასობით ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ ბიზნესში, ეს არის როგორც რეექსპორტიორები, ასევე პროფილაქტიკები, სასტუმროები თუ სხვა ბიზნესი, რომელიც დაკავშირებული იყო ამ კონკრეტულ სექტორთან. ხელისუფლება კი კვლავ დუმს და არაფერს აკეთებს, ამიტომ სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელსაც ვუყენებთ ბატონ გახარიას და დავიწყებ ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვებას: 1- დაუყოვნებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ 31 დეკემბრამდე გადავადდეს მანქანების განბაჟების დრო, იმიტომ რომ საზღვრები დაკეტეთ და შეუძლებელია დღეს რეექსპორტი განხორციელდეს ქვეყნიდან; 2 - გავრცელდეს ეს განბაჟების გადავადება იმ მანქანებზეც, რომლებიც შემოვიდა პირველი მაისის შემდეგ და 3 - დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლიდანაც ძირითადად ჩამოდიოდნენ მანქანების მყიდველები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით ადამიანი ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა, ათიათასობით ოჯახი, დასაქმებული ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შემოსავალს ნახულობდა ამ ბიზნესიდან ან მასთან დაკავშირებული ბიზნესებიდან, ფაქტობრივად, ნულოვანი შემოსავლით არიან დატოვებულები და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააგდებს საქართველო ეკონომიკას,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოში ყველა ეკონომიკურ სექტორს ანულებს.

„კიდევ ერთხელ მივმართავ გახარიას და მინდა ვუთხრა, რომ თქვენი ფუნქცია მარტო კაბინეტში ჯდომა და კაბინეტიდან კეკლუცი კი არ არის, ხალხს მიხედეთ, პრობლემებზე იმუშავეთ. გუშინ ვიყავი მანქანების ავტო ბაზრობაზე და არცერთი თქვენი წარმომადგენელი იქ მისული არ ყოფილა და არ გაუვლიათ ამ ადამიანებთან, თუ რა პრობლემები აქვთ. როგორ შეიძლება რომ მოგვარდეს ეს პრობლემა, ხომ არ შეიძლება, რომ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის ფაქტობრივად, გაანულოთ ყველა ეკონომიკური სექტორი საქართველოში. როგორც ჩანს, ივანიშვილი და გახარია პირდაპირ ებრძვიან საშუალო ფენას ქვეყანაში, იმიტომ, რომ ფიქრობენ უშემოსავლოდ, მშიერად დატოვებული ადამიანების მართვა უფრო მარტივი იქნება არჩევნებზე, მაგრამ ეს არის ცეცხლთან თამაში და თქვენ ეს არ გამოგივათ, იმიტომ რომ უკიდურესად მძიმე ვითარებაში მდგომი ხალხი თქვენ მოგაკითხავთ და თქვენგან მოითხოვს პასუხს ამ საკითხებთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში. მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული ჯანმრთელობის კუთხით - ეპიდუსაფრთხოება, რათა შემოვიდნენ ეს ადამიანები ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში