ანა ნაცვლიშვილი - გელათის ფრესკების დაზიანების გამო, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

“სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას გელათის ფრესკების დაზიანების გამო - სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა გელათის გადასარჩენად! -ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, დროულად მოაგვაროს კულტურის ძეგლის პრობლემა.

ანა ნაცვლიშვილი შეშფოთებას გამოხატავს გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამაც მისი თქმით, უნიკალური ფრესკები განადგურების პირას მიიყვანა. მისი თქმით, საქმე ეხება ტაძრის სახურავის აღდგენის სამუშაოებს, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკებს აზიანებს.

“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სახელმწიფომ მთელი პროცესი მიანდო შემსრულებელს, ისე, რომ არ განახორციელა შესაბამისი მონიტორინგი და ზედამხედველობა, როგორ და რა ხარისხით ხორციელდებოდა სამუშაოები და რა შედეგები დადგა.

„გუშინ ვიყავი მონასტერში და საკუთარი თვალით ვნახე ეს უმძიმესი რეალობა - ეს არის სახელმწიფოს, კონკრეტულად კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კულტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან გამოჩენილი უპატიებელი გულგრილობის პირდაპირი შედეგი!

დაზიანებები გამოვლინდა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში, ამის მიუხედავად, ივლისში შედგენილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სამუშაოები წარმატებით განხორციელდა.

უწყებებს დაუსრულებლად შეუძლიათ ერთმანეთს აბრალონ დამდგარი მძიმე შედეგი, მტყუან-მართლის გარკვევაში კი იკარგება ჩვენი სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის უნიკალური საგანძური - გელათის ფრესკები“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, მედიაში ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკვე დაწყებულია საკითხის შესწავლა.

„მოვითხოვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და სამინისტროს მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას მომხდარზე. სახელმწიფო ცდილობს, სრულად აირიდოს პასუხისმგებლობა და აქცენტი იმაზე გადაიტანოს, რომ კონტრაქტორი მიყენებულ ზიანს საკუთარი ხარჯებით აანაზღაურებს. „ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს, საქმეში ჩაერთონ საუკეთესო ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, რათა გადავარჩინოთ გელათი. ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და არა დახურულ კარს მიღმა. ხოლო შემდეგ ეტაპზე აუცილებელია, დადგინდეს, ვისი პასუხისმგებლობაა მომხდარი და ასევე გამოსწორდეს სისტემური პრობლემები, რაც ამ საქმემ აჩვენა“,-აღნიშნულია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა