მამუკა მდინარაძე - მტერთან საბრძოლველად საჭიროა კონკრეტული იარაღი!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ დღემდე არსებული შეზღუდვები კოვიდინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ეფექტიანად გამოიყენა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტს კონსტიტუციურობის "ტესტი" გავლილი აქვს და ამ მხრივ ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.

"საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ ზოგადად, მტერთან საბრძოლველად საჭიროა კონკრეტული იარაღი. წარმოიდგინეთ, 2008 წელს ხელისუფლებისთვის ვიღაცას მოეწოდებინა, რომ იარაღის გარეშე ებრძოლა მტერთან. მაშინ რუსეთი იყო ეს მტერი. დღეს გვთავაზობენ, რომ ამ უხილავ მტერთან, კოვიდინფექციასთან ხელისუფლებამ იბრძოლოს, ოღონდ იარაღი ხელში არ ჰქონდეს. თან არ არის საუბარი მძიმე არტილერიაზე, აქ საუბარი არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. საუბარია ელემენტარულ შეზღუდვებზე, რომელიც დღემდე ეფექტიანად გამოიყენა ხელისუფლებამ და ვამაყობთ იმით, რომ მსოფლიოში ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ მიღწეული შედეგებით. ეს უზრუნველყო ამ მექანიზმმა. ახლა წინააღმდეგ გამოდიან, ისინი ვინც ამას აკრიტიკებს, კვლავ რჩებიან იმ აზრზე, რომ ისინი უნდა დადგნენ ვირუსის მხარეს და არა ხელისუფლების მხარეს ამ საკითხში მაინც. როცა საუბარია ანტიკონსტოტიციურობაზე, უნდა გაგვახსენდეს, რომ ასეთი ლოგიკით, ნებისმიერ დროს, როცა გარკვეული უფლებამოსილება კანონით მთავრობას ეკისრება, შეიძლება იმსჯელო იგივე "წარმატებით". კონსტიტუციურობის ტესტი გავლილია მაშინ, როცა ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ. ეს არის ხელისუფლებისთვის "იარაღი" პოზიტიური გაგებით კოვიდინფექციასთან ბრძოლაში, რასაც დადებითი და თვალსაჩინო შედეგები მოაქვს. როგორ შეიძლება, კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ გამოიყენო? ეს არის მოგონილი არგუმენტები იმისთვის, რომ ხელისუფლებას მექანიზმი არ ჰქონდეს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის. თუ ვინმე გვეუბნება რომ ელემენტარული მექანიზმი და იარაღი არ უნდა გვქონდეს ამ ბრძოლაში, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მდარე განცხადებების კასკადი, რომელიც ემსახურება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომ არ გვქონდეს ხელისუფლებას ელემენტარული საშუალებაც კი კოვიდინფექციასთან ბრძოლაში," - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს. ცნობისთვის, ამჟამად მოქმედი რედაქციით, მთავრობას შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო