ქალთა და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (79 მომხრე) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.

მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი იქნება მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციელი ახორციელებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.

ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მათ შორის, წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მიერ მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დაწესების შესახებ გამოიცემა სპეციალური ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

ოქმით გათვალისწინებული მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისას, სსიპ „112“-ის მოსამსახურე უფლებამოსილია დაუკავშირდეს მსხვერპლს/მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

ელექტრონული ზედამხედველობის ოქმს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლებამოსილების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, რომლის მიმართაც გამოცემულია ოქმი.

თუ მოძალადე ან/და მსხვერპლი რაიმე მიზეზის გამო ხელს არ ან ვერ აწერს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმს, მას ხელს აწერს მხოლოდ მისი გამოცემის უფლებამოსილების მქონე პირი. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება მოძალადის ან/და მსხვერპლის მიერ ხელმოწერის შეუძლებლობის/ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.

ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად, მსხვერპლისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალების გადასაცემად, ხოლო მოძალადისთვის შესაბამისი ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად, პოლიცია უფლებამოსილია მსხვერპლი/მოძალადე გადაიყვანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის განხორციელება ადგილზე შეუძლებელია.

პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ მოძალადის ადგილზე არყოფნისას მოძალადისათვის ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილია პირი დაიბაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად. პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მოძალადის ძებნა ქვეყნის მასშტაბით.

ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ საზღვარგარეთ პირის გადასვლის შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობა უნდა შეწყდეს.

ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის განმეორებით მიღებული გაფრთხილების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში