„მენაშენეთა ასოციაცია“ – ამორტიზებული ლიფტების ექსპლუატაციის 25-წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა

ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს,- ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციაში“ აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო.

„უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. საშუალო ფასს თუ ავიღებთ, გამოდის, რომ 18 000 ლიფტის გამოსაცვლელად $117 მილიონი, ანუ, 356 მილიონი ლარია საჭირო. ეს თანხა თბილისის მთლიანი ბიუჯეტის მეოთხედია.

მაგრამ, ცალკე საკითხია, ვინ უნდა გამოცვალოს ეს „მკვლელი ლიფტები“ – სახელმწიფომ, თუ თავად მოსახლეობამ? – საბჭოთა დროინდელი კორპუსები დღეს პრივატიზებულია, თითოეული ბინა კერძო საკუთრებაა და ასევე კერძო საკუთრებაა ლიფტებიც, რომელთა მოვლაც ადგილობრივი მცხოვრებლების ვალდებულებაა.

„მკვლელ ლიფტებზე“ საზოგადოებაში და მედიაში ხმაური პერმანენტულად ტყდება და ამ ხმაურის სიხშირე უბედური შემთხვევების ინტენსივობაზეა დამოკიდებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, „ლიფტი ისეთივე მექანიზმია, როგორიც ავტომობილი და მას სჭირდება მოვლა, რაც, ბუნებრივია, ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ ავტომობილი ვერ გაივლის ყოველწლიურ სავალდებულო ტექდათვალიერებას, მისი მფლობელი იძულებულია შეაკეთოს, ან გააჩეროს მანქანა. ანალოგიური მიდგომაა საჭირო ლიფტებთან მიმართებითაც“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, გასაგებია, რომ ყველა მოსახლეს არ გააჩნია ფინანსური რესურსი ლიფტის შესაკეთებლად და მითუმეტეს – ახლით შესაცვლელად, მაგრამ როსტომაშვილის თქმით, ისინი ვალდებული არიან, ლიფტის გამართვისთვის გაწიონ მუდმივი ხარჯი. მისივე განცხადებით, არ შეიძლება ლიფტის ხელოსანი გამოიძახონ მხოლოდ მაშინ, როცა ლიფტი გაფუჭდება, რადგან მექანიზმი ხან შეიძლება არ დაიძრას, ხან კი შეიძლება მოწყდეს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს.

ირაკლი როსტომაშვილს განვითარებული ქვეყნების მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ მოქმედებს შემდეგი სისტემა: მობინადრეთა ამხანაგობებსა და ლიფტების მომსახურების კომპანიებს შორის გაფორმებულია კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპანია მუდმივ პასუხისმგებლობას იღებს ლიფტების გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე.

„ეს მომსახურება ყოველთვიურად გარკვეული თანხა ჯდება, თუმცა კომპანია უზრუნველყოფს ლიფტის გამართულ მუშაობას. ჩემი მყარი პოზიციაა, რომ უნდა შეიქმნას ბინათმფლობელების ამხანაგობები და სავალდებულო იყოს სისტემატიზირებულად დაიდოს კონტრაქტები კომპანიებთან, რომლებიც ლიფტების გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

მისივე აზრით, ამორტიზებული ლიფტების შეცვლა სახელმწიფოს პრეროგატივა არ უნდა იყოს. ეს მოსახლეობამ თავის თავზე უნდა აიღოს და გასწიოს შესაბამისი ხარჯი, რათა დაიცვან საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„ამიტომ, აუცილებელია დავიწყოთ ამაზე ზრუნვა და მოვუწოდებ მერიას, ლიფტების მოვლა სავალდებულო გახადოს. მესმის, რომ არაპოპულარული იქნება ეს ნაბიჯი, თუმცა უაღრესად საჭიროა თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ასევე აქტუალურიად მიიჩნევს კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოვლას. მისი თქმით, მშენებლები კორპუსებში ამონტაჟებენ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, რაც მათთვის სავალდებულოა, ხოლო კორპუსის გაყიდვის შემდეგ ამ სისტემაზე არავინ ზრუნავს. ეს იმ დროს, როდესაც ასეთი სისტემის 24–საათიან მზადყოფნას შესაბამისი მოვლა სჭირდება. ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ ამ სისტემაზე პასუხისმგებელიც სპეციალური კომპანიები უნდა გახდნენ, რომლებსაც მოსახლეობა გარკვეულ თანხას გადაუხდის და იმედიანად იქნება, რომ დაცულია.

„მსგავსი პრობლემური საკითხია მიშენებებიც, რომლებიც თავის დროზე, საეჭვო კომპანიების მიერ, ძალიან უხარისხო მასალით გაკეთდა. არ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ იმის იმედად, რომ არაფერი მოხდება. ვიდრე კატასტროფის წინაშე არ დავდგებით, ვიღაცამ ამაზე უნდა იფიქროს სერიოზულად. ამ მიშენებების ნგრევა დაიწყება, როგორც კარტების სახლების. 40 წლია, ამ სფეროში ვმუშაობ და ვიცი, რომ ეს საკითხი უმწვავესი პრობლემაა“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში