ამირან გამყრელიძე - კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს, ამიტომ რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს და საზოგადოებისთვის მიცემული რეკომენდაციები ფორმალური არ უნდა იყოს.

თუმცა, გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რიგ შემთხვევაში, ამ რეკომენდაციებმა ფორმალური ხასიათი მიიღო.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, კორონავირუსი არსად გამქრალა და ჩვენთან ერთად არის - დღეს 9 შემთხვევა გქვონდა, გუშინ იყო 5, იმის წინ კიდევ 5, ერთეული შემთხვევები არის. ჯერჯერობით ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ხაზს ვუსვათ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს. აქედან გამომდინარე რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და პირველ რიგში, ეს ჩვენი სამოქალქო პასუხისმგებლობაა. ამიტომ გთხოვთ ყველას, პირბადე იქნება, სოციალური დისტანცირება, პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენა, თავშეყრა თუ ა.შ. ეს ყველაფერი დავიცვათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, ამავე კითხვის საპასუხოდ პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ „მოსახლეობის მხრიდან ბევრია დარღვევა და რეკომენდაციების არდაცვის შემთხვევები“.

„პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არის საშიში. თუ ჩვენ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ამ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები“, - განაცხადა იმნაძემ.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში