ფატმა ჯერენ იაზგანი - თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად რჩება

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ ოფიციალური ანკარა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს.

დიპლომატის თქმით, Covid-19- ის პანდემია, მისი გლობალური სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით, აუცილებლად მოითხოვს თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„მიუხედავად იმისა, რომ რომ Covid-19- ის პანდემია უპრეცედენტოა, ის არ არის პირველი შემთხვევა, რომელმაც საქართველოსა და თურქეთს შეახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ერთმანეთისათვის. არც ის არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ერების გამძლეობა გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.

2008 წლის 14 აგვისტოს ახლანდელი პრეზიდენტი და მაშინდელი პრემიერ -მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თბილისს უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეწვია და ერთობლივი პრესკონფერენციისას მკაფიოდ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელსაც აღიარებს გაეროს უსაფრთხოების საბჭო და საერთაშორისო სამართალი”.

7 წლის შემდეგ, 2016 წლის 19 ივლისს, საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მაშინდელი პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, ეწვია ანკარას. ეს იყო პირველი მაღალი დონის ვიზიტი მაშინ, როდესაც სულ რაღაც 4 დღით ადრე FETÖ -ს ვერაგმა მიმდევრებმა ტერორი მოუწყვეს თურქ ხალხს, განახორციელეს გადატრიალების მცდელობა, რა დროსაც დაიღუპა 251 მშვიდობიანი მოქალაქე, პოლიციელები და დემოკრატიის დასაცავად გამოსული სამხედროები“,-აღნიშნავს ელჩი.

მისი შეფასებით, ეს ვიზიტები განხორციელდა ერთმანეთის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რაც კეთილი მეზობლობის სოლიდარობის ნათელი და რეალური მაგალითი იყო.

დიპლომატის განცხადებით, თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

„ამ 4 წლის განმავლობაში თურქეთის მთავრობის დღის წესრიგში კვლავაც პრიორიტეტულია ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი გამოწვევა ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, თურქეთი რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად. იგი განაგრძობს პროექტებისა და ინვესტიციების წახალისებას, რომლებიც თავის მხრივ განაპირობებენ საქართველოს სიმტკიცესა და გამძლეობას. თურქეთი მხარს უჭერს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ მხარდაჭერის ყველაზე უახლესი მაგალითია 2019 წლის დეკემბერში ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლითაც თურქეთმა აიღო ვალდებულება 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში თურქეთი 2007 წლიდან რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ერთ-ერთ მთავარ უცხოელ ინვესტორად. ამ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული მაგალითია TİKA-ს (თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო) მიერ 2019 წელს შესრულებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 1.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ბათუმის ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში.

Covid-19- ის პანდემია, მისი გლობალური სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით, აუცილებლად მოითხოვს თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მუდამ გვახსოვდეს, რომ აქამდე, ომებში, დემოკრატიასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე თავდასხმის დროს გამოჩენილი ურთიერთთანადგომა და ერთმანეთისადმი სოლიდარობა, უნდა განვაგრძოთ მომავალშიც.

ამრიგად, დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები კვლავაც გვასწავლის და წინ მიგვიძღვის: „ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანი სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანნი კაცნი, და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება,ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი“,-აღნიშნავს ფატმა ჯერენ იაზგანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო