სახალხო დამცველი შაქარაშვილის საქმეზე - ჩვენ არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ ვერთვებით საქმეში

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების მცდელობაზე საუბრობენ.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ის ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს, ვის წინააღმდეგ და რა სახის სავარაუდო ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის.

ომბუდსმენი პროკურატურას მიმართავს, საქმის მასალები დროულად გადასცენ.

„შევხვდი როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს, ასევე ყველა ბრალდებულს, რომელიც არის დაკავებული და საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. საქმის შეფასების ანალიზის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ პროკურატურას, გაგვაცნოს საქმის მასალები. ჩვენ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შევისწავლით საქმის მასალებს, პერიოდულად მივაწვდით გამოძიებას ინფორმაციას იმ საგამოძიებო ქმედებების თაობაზე, რაც მიგვაჩნია, რომ თუ არ ჩატარდება, უნდა ჩატარდეს ან დროულად უნდა ჩატარდეს. ასევე შევაფასებთ, რამდენად დროულად ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეში. ჩვენი ჩართვის მიზანი არის მხარეთა უფლებების დაცვა, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრადებულების, რომ გამოძიების პროცესში მათი საპროცესო უფლებები დაცული იყოს. ჩვენ არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ ვერთვებით ამ საქმეში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა პირს, ბრალდებულების ადვოკატებს, ასევე დაზარალებულის ოჯახისგანაც მაქვს თანხმობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩართვლიან, რომ მათი საპროცესო უფლებები გამოძიების მსვლელობისას ირღვევა, ამის თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდონ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებზე სავარაუდო ზემოქმედების ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო.

„დაკავებულთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს სახალხო დამცველის დახმარების სურვილი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა იყო ცალკეული შემთხვევები და ინფორმაცია, რაც მათ მოგვაწოდეს და ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს გარკვეული გარემოებების შესწავლა. ჩვენ არ გვაქვს მათგან თანხმობა, რომ საჯაროდ ვისაუბროთ ამის შესახებ. როგორც განაცხადეს, მათ მხოლოდ ჩვენთვან ისაუბრეს ამის თაობაზე. საყურადღებო ინფორმაციები მივიღეთ. ჯერჯერობით ვერ შევაფასებ, რამდენად სერიოზული ან დასაბუთებული იყო ის ინფორმაციები, რაც მოგვაწოდეს, თუმცა, გარკვულწილად ეხება სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების მცდელობას, რომელზეც ბრალდებულები საუბრობენ. ერთ-ერთი ეხებოდა ფიზიკურ ზემოქმედებას, რაც თქვენთვისაც ცნობილია და ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს შესწავლა. ასევე, მეორე ეხება სხვა შემთხვევას. ვაპირებ სხვა დაზარალებულებთანაც შეხვედრას. ყველას შევხვდებით, აბსოლუტურად ყველა მხარეს მოვუსმენთ“, - აცხადებს ლომჯარია.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო