ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოჯახის წევრების ტრავმირება ხდება, როდესაც მედიაში შაქარაშვილის საქმე არასწორი ფორმით შუქდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ ოჯახის წევრების ტრავმირება ხდება, როდესაც მედიაში საქმე არასწორი ფორმით შუქდება.

ომბუდსმენი მედიას მიმართავს და მოუწოდებს, პატივი სცენ ოჯახის პირად სივრცეს და ისე გააშუქონ აღნიშნული ფაქტები.

„ოჯახს როცა ვესაუბრე, ერთ-ერთი საკითხი, რაც მათი მხრიდან წამოიწია იყო ის, რომ მედიის მხრიდან ცალკეული ქმედებები მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი იყო. ეს იყო მათი განცხადება. ბუნებრივია, ყველას კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველი არ არის ის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის, რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ინფორმაცია. თუმცა, გარკვეული თხოვნა თუ რეკომენდაციები ყველა მოქალაქის თუ მედიასაშუალების მიმართ მაქვს, ვინც აღნიშნული საქმის გარშემო ავრცელებს ინფორმაციას. პირველ რიგში, ჩემი თხოვნა იქნება, პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს და არასასურველი გადაღებისგან დავიცვათ მათი ოჯახური და პირადი სივრცე. ასევე, ძალიან მძიმეა ოჯახისთვის, როდესაც ვრცელდება კადრები, ფოტოსურათები ან გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან, რაც ოჯახის წევრების განცხადებით მათ ტრავმირებას იწვევს. ამიტომ, ალბათ ესეც გასათვალისწინებელია, რომ ისე გაგავრცელოთ ან გავაშუქოთ აღნიშნული ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის წევრების მდგომარეობაზე, ასევე ბრალდებულებთან დაკავშირებითაც მინდა გთხოვოთ, ისე არ გაშუქდეს ინფორმაციები, რომ ვინმე უკვე დანაშაულის ჩამდენად წარმოვაჩინოთ, ვინაიდან ჯერჯერობით არავის მიმართ წარდგენილი ბრალი დადგენილი არ არის“,-განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

ცნობისთვის, 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს