შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, მცხეთაში „ნახალოვკიდან“ ჩასული პირების გარდა, რამდენიმე მანქანით „საბურთალოელებიც“ ჩავიდნენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის მეზობლის, მოწმის სახით გამოკითხული შალვა აბრამიშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ არაგვის ხიდის მიმდებარედ გარდა „ნახალოვკიდან“ ჩასული პირების გარდა, სხვა პირებიც იმყოფებდონენ. კერძოდ კი, „საბურთალოელებიც“, რომლებმაც ჩხუბის შემდეგ ტერიტორიიდან ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე წამოიყვანეს.

როგორც საქმეში არსებული ახალი, მე-18 ტომიდან და შალვა აბრამიშვილის ჩვენებიდან ირკვევა, არაგვის ხიდთან დამალული ახალგაზრდების წამოსაყვანად „ტოიოტას“, „ჰიუნდაისა“ და ლექსუსის“ მარკის ავტომობილები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთში, კერძოდ კი, „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილში, რომელსაც ირაკლი დაფქვიაშვილი მართავდა, თავად შალვა აბრამიშვილი იჯდა, სწორედ მათთან ერთად იმყოფებოდა დიჯეი კოკო ღიბრაძე. აბრამიშვილის ჩვენებითვე ირკვევა, რომ დიჯეი აღელვებული იყო, აზრს ჩამოყალიბებულად ვერ გადმოსცემდა და ამბობდა, რომ მცხეთაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და იქიდან მისი მეგობრები იყვნენ წამოსაყვანი.

„ჩემი ეზოს მცხოვრებლებიდან მე მეგობრული ურთიერთობა მაქვს ირაკლი დაფქვიაშვილთან, გური დულარიძესთან, გიორგი ციცვიძესთან და სოსო თუშიშვილთან. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, მე ვიცნობ და სალამის დონეზე მაქვს ურთიერთობა კონსტანტინე, იგივე კოკო ღიბრაძესთან, რომელიც ჩემს ზემოთ ცხოვრობს, ვახტანგ ახვლედიანთან, რომელიც არის ჩემი ეზოს მცხოვრები, გუგა მაჭავარიანს, საბა ჩხარტიშვილს და საბა გოგშელიძეს, რომლებიც ასევე ჩემი ეზოს მცხოვრებლები არიან. ასევე ვიცნობ კახა სანდოძეს, რომელიც ჩემი ეზოს მაცხოვრებელია, მას მფლობელობაში ჰყავს „ტოიოტას“ მარკის „პრიუსის“ მოდელის ავტომობილი, რომლითაც ტაქსაობს. 2020 წლის 18-19 ივნისის ღამის საათებში ვიმყოფებოდი სახლში, ვმუშაობდი პროექტზე, დაახლოებით ღამის 01:00 საათი იქნებოდა, როდესაც დავიღალე და სახლიდან გარეთ, ეზოში ჩასვლა გადავწყვიტე. ეზოში ჩასვლისას მე ადგილზე დამხვდა ირაკლი დაფქვიაშვილი, რომელიც იჯდა მის მფლობელობაში არსებულ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილში. ჩემს დანახვაზე ირაკლიმ მითხრა, რომ დავმჯდარიყავი ავტომობილში. მე მივედი და ჩავჯექი ავტომობილში, წინა სავარძელზე, მძღოლის, ირაკლის გვერდით. ამ დროს ავტომობილში ჩემს უკანა სავარძელზე დაჯდა ჩემი მეზობელი კონსტანტინე ღიბრაძე, ირაკლის უკან კი კიდევ ერთი ჩვენი უბნელი ბიჭი გუგა მაჭავარიანი. ირაკლიმ მაშინვე დაძრა ავტომობილი, მოძრაობისას კონსტანტინე ღიბრაძემ დაიწყო საუბარი, იგი ანერვიულებული იყო და აზრს ჩამოყალიბებულად ვერ გადმოსცემდა. ამბობდა, რომ მცხეთაში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და მეგობრები იყვნენ ჩამოსაყვანი. მისი თქმით, დაახლოებით 4-5 ადამიანი იყო ჩამოსაყვანი.

კონსტანტინემ თქვა, „ვახო და ბიჭები“. ვახოში მან იგულისხმა ვახტანგ ახვლედიანი, რომელსაც მეც და ირაკლიც ვცნობდით. მოძრაობისას მე ტელეფონის მეშვეობით ჩემს ნომერზე დამიკავშირდა ჩემი მეგობარი გიორგი ციცვიძე, რომელმაც მითხრა, რომ გაიგო ბავშვების წამოყვანის თაობაზე და მკითხა, თვითონაც ხომ არ წამოსულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ავტომობილში 4 ადამიანი ვიჯექით, კონსტანტინეს გადმოცემით კი მცხეთიდან კიდევ 5 ადამიანი იყო წამოსაყვანი, მე ლოგიკურად ჩავთვალე და ვუთხარი მას, რომ კარგი იქნებოდა, თუ წამოვიდოდა. გიორგი დამთანხმდა მე, ოღონდ შემითანხმდა, რომ საწვავი არ ჰქონდა და აუცილებელი იყო სადმე ბენზინგასამართ სადგურზე გადავკვეთილიყავით, ვინაიდან ფულიც არ ჰქონდა. აღმაშენებლის ხეივანში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, გიორგი ციცვიძე იყო საკუთარი „ლექსუსის“ მარკის ავტომობილით, მას თან ახლდა ასევე ჩვენი უბნელი სოსო თუშიშვილი. ბენზინგასამართ სადგურზე ჩვენ კონკრეტულად ირაკლი დაფქვიაშვილმა, მივეცით გიორგი ციცვიძეს ფული, რათა ჩაესხა საწვავი, რის შემდეგაც დავიძარით მცხეთის მიმართულებით. კონსტანტინე ღიბრაძე ჩვენთან იდეაში იმის გამო წამოვიდა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა ადგილი, საიდანაც ბავშვები უნდა წამოგვეყანა. ჩვენ კონსტანტინეს მითითებით მივედით მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე არაგვის მდინარეზე არსებულ ხიდთან, გადავეკვეთეთ ხიდი, ხიდის ბოლოში მარჯვენა მხრიდან ამოდიოდა მეორეხარისხოვანი გზა, ასევე შევამჩნიე მცირე ზომის შენობა, ადგილზე მე დავინახე ჩვენი უბნელის, კახა სანდოძის ავტომობილი, „ტოიოტას“ მარკის „პრიუსის“ მოდელი, სახელმწიფო ნომერი არ მახსოვს“, - წერს აბრამიშვილი ჩვენებაში.

როგორც გამოკითხვისას აბრამიშვილი აცხადებს, არაგვის ხიდთან მყოფი სამი ავტომობილიდან არცერთი პირი არ გადმოსულა და ერთმანეთთან მხოლოდ რამდენიმე-წამიანი ურთიერთობა ჰქონდათ. მოწმის ჩვენებითვე, ისინი არაგვის ხიდის ქვეშ არ ჩასულან. ამასთან, აბრამიშვილი აღიშნავს, რომ უბანში დაბრულებულმა დაინახა, რომ გიორგი ქათამაძეს სახეზე დაზიანებები ჰქონდა და მას საავადმყოფოში წასვლა ურჩია.

„ჩვენ და გიორგი ციცვიძე თითქმის ერთდროულად მივედით ადგილზე. ორივე ავტომობილი გავაჩერეთ კახას ავტომობილთან, ავტომობილებიდან არავინ გადმოსულა, მხოლოდ ფანჯრის მეშვეობით გვქონდა რამდენიმეწამიანი კომუნიკაცია. კახამ გვითხრა, რომ ბავშვები უკვე აიყვანა, მის ავტომობილში ამ მომენტისთვის საჭესთან იჯდა კახა სანდოძე. წინა გვერდითა სავარძელზე ეჯდა გური დულარიძე, უანა სავარძელზე კიდევ ორი პირი შეიმჩნეოდა, თუმცა იმ მომენტში მათი იდენტიფიცირება ვერ მოვახდინე. საუბრის შინაარსი ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, ზოგადად ისეთი სიტუაცია იყო, რომ იქიდან არავინ აღარ იყო წამოსაყვანი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ამიტომაც დავიძარით სამივე ავტომობილი და წამოვედით ადგილიდიან.

ჩვენ ავტომობილი თბილისისკენ მოვატრიალეთ ნატახტრის გადასახვევთან. მოძრაობისას კოკო ღიბრაძემ თქვა, რომ კიდევ იყო რამდენიმე ბიჭი მცხეთიდან წამოსაყვანი, თუმცა, ვერ გაიხსენა მათი სახელები და გვარები. არც მათი საკონტაქტო ინფორმაცია ჰქონდა. გამომდინარე აქედან, მე ვთხოვე ირაკლი დაფქვიაშვილს ავტომობილის შეჩერება. დაახლოებით მცხეთის ასახვევთან შევჩერდით, არაგვის ხიდამდე არსებულ ასახვევთან, ახლოს დასახლება შეინიშნებოდა, შეჩერების შემდეგ რამდენადაც მახსოვს, მე დავრეკე გიორგი ციცვიძესთან ტელეფონზე და ვკითხე, სად იმყოფებოდა, ვინაიდან კახა სანდოძის საკონტაქტო ინფორმაცია არ მქონდა, მინდოდა მის ავტომობილში მყოფი ბავშვები მენახა და გავსაუბრებოდი მათ, თუმცა სატელეფონო საუბრისას გიორგი ციცვიძემ მითხრა, რომ ისინი უკვე გაგვცდნენ ჩვენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკან ჩამოვრჩით დანარჩენებს, ჩვენ ჩავჯექით ავტომობილში და წამოვედით ჩვენს უბანში.

ეზოში შესვლისას ადგილზე დაგვხვდა ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და გიორგი ციცვიძე, ჩვენ ბოლოს მივედით ეზოში, გიორგი ქათამაძეს სახეზე აშკარა დაზიანებელი ეტყობოდა, რაზეც მე მას ვურჩიე საავადმყოფოში წასვლა, ვინაიდან ჩემი შეფასებით, მისი სახეზე არსებული დაზიანებები სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. მე დარნარჩენ ბავშვებთან დაკავშირებით ვიკითხე, რაზედაც პასუხად მივიღე, რომ ისინიც ჩამოვიდნენ თბილისში, ამის შემდეგ მე დეტალების გარკვევა აღარ დამიწყია, აქვე დავძენ, რომ კონკრეტულად რომელმა მითხრა ეს პასუხი, მე არ მახსოვს. მე რამდენიმე წამი გავჩერდი და წავედი სახლში.

რამდენიმე დღეში გავიგე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ. მე, 2020 წლის 19 ივნისის გამთენიის საათების შემდეგ ვახტანგ ახვლედიანთან, კოკო ღიბრაძესთან, გუგა მაჭავარიანთან კომუნიკაცია ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2020 წლის 19 ივნისს, მე, ირაკლი დაფქვიაშვილი, კოკო ღიბრაძე და გუგა მაჭავარიანი ჩვენი ეზოდან გავედით დაახლოებით 01:00 საათიდან 01:30 საათის შუალედში, მცხეთაში ჩასვლის შემდეგ კი ეზოში დავბრუნდით დაახლოებით 02:00-02:30 საათის შუალედი იქნებოდა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2020 წლის 19 ივნისს ღამის საათებში მცხეთაში ყოფნისას მე ფეხით მოსიარულე არავინ შემინიშნავს გზაზე. ასევე არავინ დამინახავს იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ავტომობილებით შევჩერდით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მცხეთაში ჩასვლისას ხიდის გადაკვეთის შემდეგ, როდესაც ჩვენ გავჩერდით, ავტომობილიდან არცერთი ჩვენგანი არ გადმოსულა, მითუმეტეს არ ჩავსულვართ ხიდის ქვეშ, ვერ ვიტყვი იყო თუ არა იქ ვინმე, არ ვიცი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ რამდენადაც მახსოვს, მცხეთიდან დაბრუნებისას ეზოში როდესაც ვიყავით, ვახტანგ ახვლედიანს და გიორგი ქათამაძეს ეცვათ პერანგები, სხვა დეტალები არ მახსოვს. ასევე არ ვიცი, სად წაიღეს ის ტანსაცმელი. მე როგორც ზემოთ აღვნიშნე, რამდენიმე წამი გავჩერდი ეზოში და წავედი სახლში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ მქონია ბავშვებთან ჩხუბის დეტალებზე საუბარი, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაიწყო ჩხუბი, ასევე არ გამიგია მათგან, თუ ვინ იყო ჩხუბის მეორე მხარე. მხოლოდ ტელევიზიიდან გავიგე მოგვიანებით, რომ ჩხუბის მეორე მხარე “ნახალოვკელები” იყვნენ. სხვა დეტალები არ ვიცი“, - აცხადებს აბრამიშვილი ჩვენებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს