ომბუდსმენმა დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

სახალხო დამცველმა დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, განხორციელებულმა მონიტორინგმა არაერთი არსებული ხასიათის პრობლემა წარმოაჩინა, რომელიც დისტანციურ პროცესს თან ახლდა.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დისტანციური წესით გამართულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე მათ კონკრეტული რეკომენდაციებიც აქვთ.

"მთავარი ხარვეზები ბუნებრივია, ტექნიკური ხასიათის არის. სასამართლო დისტანციურად ერთვებოდა და ვერ ხდებოდა გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო დროული დაწყება, იყო გადადებები, მათ შორის 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მოხდა გარკვეულ შემთხვევაში გადადება. ეს ართულებდა პროცესის მსვლელობას, პროცესის რიგითობას. იცით, რომ პროკურორები, ადვოკატები რამდენიმე საქმეს აწარმოებენ და აქედან გამომდინარე, რიგითობის არევა გარკვეულ დისკომფორტს და პრობლემებს იწვევდა. მთავარი საკითხები, რომელიც ჩვენს ანგარიშში არის იდენტიფიცირებული, ეს შეეხება ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გავლენას. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული საკითხები და პრობლემები იქნა იდენტიფიცირებული თარგმანთან დაკავშირებით, დისტანციური სასამართლო პროცესების დროს ეს პრობლემური იყო. ასევე, ერთ-ერთი პრობლემური შემთხვევა ჩვენთვის იყო მოწმის დაკითხვა. გარკვეულ შემთხვევებში მოწმის დაკითხვა ხდებოდა ისეთი სივრციდან, როცა არ იყო გამორიცხული ეჭვი იმის შესახებ, რომ მოწმეს გარკვეული პირი კარნახობდა ან წინასაწარ დაწერილ ჩვენებას კითხულობდა და ა. შ. მოსამართლის მიერ შეუძლებელი იყო შემოწმება, თუ რა სივრცეში იმყოფებოდა. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელი იყო. ასევე, ძალიან ხშირად გვქონდა შემთხვევა, როცა მოწმის ხმა კარგად არ ისმოდა, რაც ართულებდა კონკრეტულად ამ პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ჩვენების სანდოობას. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი საჭიროებს გამოსწორებას“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მათ აქვთ რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკური და პრობლემური საკითხები აღმოიფხვრას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ანგარიშში, ეს შეეხება ადვოკატისა და ბრალდებულის კონფიდენციალურ საუბარს, ისინი ყველა ერთ "ჩათში" ერთვებოდნენ, რაც ბუნებრივია, დაცვის უფლების განხორციელებას ართულებდა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეკომენდაციები როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე იუსტიციის სამინისტოს მიმართ, რათა აღმოიფხვრას ტექნიკური პრობლემები და დაემატოს ოთახები აუდიო-ვიდეო ჩართვისთვის. ასევე, გვაქვს რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის მიმართ, რომ დისტანციური სასამართლო პროცესების მომწესრიგებელი ნორმა დაზუსტდეს და დამატებითი დებულებები დაემატოს", -განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, აღნიშნულმა პრობლემებმა იქონია თუ არა კონკრეტული გავლენა სასამართლო სხდომების ჩატარებაზე, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იდივიდუალურ საქმეებზე ამას რა გავლენა ექნება, ეს მოკვლევის შედეგად დადგინდება. თუმცა, როგორც სახალხო დამცველის მოადგილე აღნიშნავს, ომბუდსმენის აპარატი საკითხის სიღრმისეულ შესწავლას გეგმავს.

„ამ ანგარიშის გამოქვეყნების მიზანი არის ის, რომ ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეები პრობლემებს გაეცნონ და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ კონკრეტული საკითხების გავლენა სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე", -განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა