„საქართველოს ბანკმა“ EBRD-თან 100 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

„საქართველოს ბანკმა“ „ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან” 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებულ იყოს როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. ბანკისვე ინფორმაციით, ინვესტიცია განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გრძელვადიანი, შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ფინანსური რესურსი COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გაცემული პირველი გრძელვადიანი სესხია საქართველოში, და მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებისთვის კრიზისის ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას.

„საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორის განცხადებით, გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის ძლიერ და საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ვალუტით, დაფინანსებას. ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2020 წელს. პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არსებული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ. ასეთი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება ვუზრუნველყოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკი“ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები მიაწოდოს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ უპრეცედენტო დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ფინანსური რესურსით შეუფერხებელი უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობისთვის”, - განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)