სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დროს 10 სომეხი ჯარისკაცი დაშავდა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ათი დაშავებული სამხედროდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ათ სამხედრო მოსამსახურეს სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები აქვს მიყენებული. მათ სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. ერთი სამხედრო მოსამსახურე კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხუთის მდგომარეობა - საშუალოა, თუმცა დადებითი დინამიკა აღენიშნებათ. დანარჩენები კი სამხედრო სამსახურს მომავალი კვირის განმავლობაში დაუბრუნდებიან,“- განაცხადა შუშან სტეპანიანმა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ცოცხალი ძალის დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა.