ადვოკატი აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის კატეგორიული მოთხოვნაა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კატეგორიული მოთხოვნაა, საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს.

როგორც კობაიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქმეზე აღებულია ასევე წყლის ექსპერტიზაც და თუ დადასტურდება, რომ დაკავებულის ტანსაცმელზე, სხეულზე არაგვის წყალი იყო, მაშინ შესაძლებელია გარკვეულ კომუნიკაციაზე იყოს საუბარი.

„მოგეხსენებათ, დაზარალებულის პოზიცია არის ის, რომ განსაკუთრებით მძიმედ ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით ექვსივე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. მე გავიარე კონსულტაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. მისგან მივიღეთ ინფორმაცია და კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩვენ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 5 წუთს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი იმასთან დაკავშირებით, რამდენად რელევანტურია, რომ 5 წუთში ეს ადამიანები სცემდნენ კიდეც ადამიანს და შემდეგ უკვე წყალში ჩაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩავატარებთ, ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კატეგორიული მოთხოვნაა“, - აცხადებს კობაიძე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი აღნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილს არ დადევნებიან. როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, გიორგი შაქარაშვილსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის არავითარი შემხებლობა არ არსებობს.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არანაირი შემხებლობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და შაქარაშვილს შორის არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახლა საგამოძიებო ექსპერიმენტი და რასთან დაკავშირებით - პირველი, მიდის „ტოიოტა ქამრი“, საიდანაც სწრაფი ნაბიჯებით გადადიან ეს ახალგაზრდები, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ, შემდეგ მძღოლი და სამი პირი ბრუნდება, სხდებიან ავტომობილში, საგურამოს მიმართულებით მიდიან და ბრუნდებიან ისევ იმ ადგილზე. ზუსტად 3 წუთში მანქანა ისევ უკან მოდის და ამ 3 წუთის განმავლობაში 3 პიროვნება არის იქ, ერთ-ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმეს იქ რაიმე ფორმით რომ ეძალადა, პირველ რიგში ამ შემთხვევაში, ბატონი გაგნიძე დაინახავდა, ასეთი რამ არ ყოფილა. ამირხანაშვილი და ახვლედიანი ამბობენ, რომ ხმები ესმოდათ. ე.ი. მათი სივრცის არეალიდან გასულები არ იყვნენ.

ასევე, გუშინ, როდესაც მასალებს გავეცანით, აღებულია ყველანაირი სახის ექსპერტიზა, მაგალითად წყლის ექსპერტიზაც. შესაბამისი ქიმიური შემცველობის კომპონენტები აქვს არაგვის წყალს, თუ დადასტურდება მათ ტანსაცმელზე, სხეულზე არაგვის წყალი იყო, მაშინ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მათ შორის კომუნიკაცია შედგა. ამიტომ, ამ ექსპერტიზის პასუხსაც ველოდებით. ჯერჯერობით, პასუხი არ არის. კატეგორიულად მეუბნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომ ხიდის ქვეშ არავინ ჩასულაო, არ გაკიდებიან“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს