ჰაკერებმა ცნობილი ადამიანების „ტვიტერის“ ანგარიშები გატეხეს და ბიტკოინების ჩარიცხვა მოითხოვეს.
BBC-ის ინფორმაციით, ჰაკერების სამიზნე „ბევრი ცნობილი ადამიანი“, მათ შორის ბილ გეითსი, ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა გახდნენ.
აღნიშნული პირების „ტვიტერის“ ანგარიშებზე გაჩნდა პოსტები, სადაც მომხმარებელს ბიტკოინების ჩარიცხვის შემთხვევაში გაორმაგებული თანხის უკან დაბრუნების პირობას აძლევდნენ.
„გადმოაგზავნი 1000 დოლარს, გადმოგიგზავნი - 2000-ს,“- აღნიშნული იყო ბილ გეითსის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ანალოგიური შინაარსის პოსტები გამოქვეყნდა სხვა ცნობილი ადამიანების ოფიციალურ გვერდებზეც.
„ტვიტერმა“, პოსტების გამოჩენიდან რამდენიმე წუთში გატეხილი ანგარიშები დროებით დაბლოკა და ყალბი პოსტები წაშალა.
“საშინელი დღეა „ტვიტერისთვის“, თავს ყველა საშინლად ვგრძნობთ,“- განაცხადა „ტვიტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ.
მისივე თქმით, კომპანია მომხდარში გარკვევას ცდილობს და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.