აკადემიური წრეებიდან დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის შერჩევის მიზნით, აკადემიური წრეებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საბჭოს წევრობის 1 ვაკანტური ადგილია. განაცხადების წარმოდგენის ვადა კი 2020 წლის 16 ივლისიდან ამავე წლის 31 ივლისის ჩათვლითაა.

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, საბჭოს წევრის ფუნქციებია საჩივრის განხილვის სხდომებში მონაწილეობა და საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობის წესის“ თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: უნდა ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სრულყოფილად უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, განმცხადებლის მიერ წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები: CV; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაკავებული აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დასახელება, ამ თანამდებობის დაკავების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ვადა.

მათივე განმარტებით, საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებად ან შეუთავსებელ საქმიანობად ითვლება:

შემსყიდველ ორგანიზაციაში ან მიმწოდებელთან დასაქმება, ასევე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველად/პრეტენდენტად/მიმწოდებლად ყოფნა;

შემსყიდველი ორგანიზაციის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის/პრეტენდენტის/მიმწოდებლის წარმომადგენლობა;

საკონსულტაციო მომსახურების გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/მიმწოდებლისთვის.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განმარტავენ, აკადემიური წრეებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dispute@procurement.gov.ge განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულ ზემოხსენებულ ვადაში.

„განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია გამოცხადებულ ვაკანსიაში. განაცხადების დადგენილ მოთხოვნებთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მათ გადარჩევას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი.

განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენელს. აკადემიური წრეების წარმომადგენელში იგულისხმება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.

დაინტერესებული პირების ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ აკადემიური წრეების წარმომადგენლის მიერ საბჭოს წევრის ვაკანტური ადგილის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების წესით. შესაბამისად, აკადემიური წრეებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატების განაცხადთა მიღების შემდგომ ჩატარდება არჩევნები. არჩვენები იმართება საჯაროდ. საბჭოს წევრის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს). ხმის მისაცემად აკადემიური წრეების წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს ოფიციალური დოკუმენტი/მოწმობა, რომელიც ადასტურებს მისი აკადემიური წრეებისადმი კუთვნილებას. არჩევნების დანიშვნის დრო და ადგილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებს დამატებით ეცნობებათ.

არჩევნების შედეგად გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება აკადემიური წრეების წარმომადგენელთა სხდომის ოქმით. აკადემიური წრეების წარმომადგენელი საბჭოს წევრად ითვლება მისი არჩევიდან. აკადემიური წრეების წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებების შეტანას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც იქმნება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ახალი დავების განხილვის საბჭო. შესაბამისად, ხსენებული კანონის ამოქმედებისთანავე მის ამოქმედებამდე არსებულ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ საბჭოს და შესაბამისად, მის წევრებს შეუწყდებათ უფლებამოსილება.

საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება,“- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა