მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID საქართველოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი.

მხარეებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შესახებ მემორანდუმი გულისხმობს პროკურორების, მოსამართლეების და ადვოკატების მონაწილეობით აღნიშნული საბჭოს მუშაობას, რომელზეც მოხდება საკანონმდებლო საკითხების განხილვა, მნიშვნელოვანი პრაქტიკის განზოგადება და ეთიკის საერთო ნორმებზე მსჯელობა.

„ბოლო წლების განმავლობაში Bench & Bar-ის ფორმატში საკმაოდ საინტერესო დისკუსიები იმართებოდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა დღევანდელი დღიდან ეს ფორმატი უკვე ფორმალიზდება, რაც ყველა მხარისთვის - ადვოკატებისთვის, მოსამართლეებისთვის და პროკურორებისთვის იქნება შესაძლებლობა გავცვალოთ იდეები და მოსაზრებები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო ავამაღლოთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის ხარისხი“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის თქმით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო, ე.წ. Bench & Bar-ის ფორმატი საშუალებას მისცემს მოსამართლეებს, პროკურორებს, ადვოკატებს მუდმივ დისკუსიის რეჟიმში იმსჯელონ სამართლებრივი პრობლემების შესახებ, სასამართლო პრაქტიკის თაობაზე და ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, რაც ხდება მართლმსაჯულების რეფორმების გზაზე, რაც ხელს შეუწყობს სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებას.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსება ეს არის ინიციატივა, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდა და ახლა უკვე შეიქმნა. „ბედნიერი ვარ, რომ დღეს მემორანდუმს ხელი მოეწერა. ჩვენ განვაგრძობთ აღნიშნული ფორმატის მხარდაჭერას, რითაც წვლილს შევიტანთ ამ პლატფორმის ფუნქციონირებაში“ - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო (Bench & Bar) ხელს შეუწყობს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემის, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობის და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს