გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე ხანძრების პრევენციული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს

მიწის დეგრადაცია და აგრო-ნარჩენების გადაწვა, ხანძრები და მათი პრევენცია - ამ საკითხებზე გაიმართა საკომიტეტო მოსმენა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საკომიტეტო მოსმენას, კანონმდებლებთან ერთად, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ნინო წილოსანის განცხადებით, ეს ორივე თემა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან და განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს არა მხოლოდ გარემოს დამცველებისათვის, არამედ საერთოდ მოსახლეობისათვის.

მისი თქმით, უკვე 2020 წლის დასაწყისიდანვე სტატისტიკა იმდენად გაუარესებულია ხანძრებთან მიმართებაში, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა როგორც პრევენციის, ასევე თავისთავად მისი ლიკვიდაციის კუთხით.

საკითხი - მიწის დეგრადაცია და აგრო-ნარჩენების გადაწვა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკვე მრავალი წელია მწვავედ დგას.

„მიწის მდგრადი განვითარება პრიორიტეტად რჩება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სექტორალურმა განვითარებამ, დარგების განვითარებამ არ დააზიანოს გარემო და კლიმატი, ანუ უნდა მოხდეს ეკონომიკის დაბალანსებული განვითარება გარემოზე შემარბილებელი ღონისძიებების პარალელურად,“ - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევ ფაქტორებზე, იმ ზიანზე, რაც მოაქვს ნიადაგისთვის მოსავლის აღების შემდეგ აგრო-ნარჩენების გადაწვას: ნიადაგის დაზიანებას მოჰყვება იმ ადგილებიდან ბიომრავალფეროვნების მიგრაცია, მცირდება ჰუმუსი და ა.შ. ნიადაგს ანადგურებს ასევე პესტიციდების არასწორად გამოყენება და სხვა. მან პრობლემათა შორის პირველ ადგილზე სუბიექტური მიზეზები დაასახელა.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, აუცილებელია ამ საკითხების მოგვარებისათვის ერთობლივი ძალისხმევის გამოჩენა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, დამსწრეთა მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები გამოსავლის ძიების გზებზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური პროგრამის შემუშავება, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, მათთვის საფრთხის თვალნათლივ დანახვება. ხაზგასმით აღინიშნა დედოფლისწყაროს პრობლემების შესახებაც, სადაც გაუდაბნოების პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია. სპეციალისტთა განცხადებით, გადაწვის შემთხვევაში ნიადაგის აღდგენას ათეულობით წელი სჭირდება და ამ პრობლემის გაჭრის ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის საკანონმდებლო ბაზა, აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილებები ნიადაგის დაცვის შესახებ კანონში და უნდა მოხდეს ასევე ცნობიერების ამაღლება.

საკითხი - ხანძრები და მათი პრევენცია - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა გამოიტანა და ძირითადი აქცენტები ტყის ხანძრების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე გააკეთა. მისი თქმით, გაზაფხულზე, როდესაც საკარმიდამო ნაკვეთების დასუფთავება ხდება, გადაწვის შემდეგ, ხშირად ხანძარი გადადის ტყეში და ამიტომ, კარგი იქნება, თუ კი ეს საკითხები ერთიან ჭრილში მოგვარდება.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, გლობალურ ჭრილში თუ შევხედავთ, ტყის ხანძრების მხრივ დღეს მაინც რისკის დაბალ დონეზე ვიმყოფებით. მისი ინფორმაციით, გაზაფხულზე ხანძრის 111 შემთხვევა მოხდა, რამაც 800 ჰექტარი მოიცვა და მათგან 90%-ზე მეტი არის სწორედ ადამიანის დაუდევრობის შედეგი. ბუნებრივად გამოწვეული ხანძრები შედარებით მცირეა.

ნათია იორდანიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ტყის ხანძრების რისკები იყოს დაცული, აუცილებელია ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გამაფრთხილებელი მიმართვები, თუმცა ეს მაინც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და დღეს მნიშვნელოვანია, რომ იგივე სანქციები შემოვიღოთ, ან არსებული გავამკაცროთ. მან ისაუბრა იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომელთა ამოქმედებაც იგეგმება ტყის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და რაც უწყებას იმაში დაეხმარება, რომ ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებები უფრო მეტად მოარგოს თანამედროვე მოთხოვნებს.

ხანძრების მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და სამსახურის წინაშე მდგარ ამოცანებზე ისაუბრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ტყის ხანძრები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომელთან გამკლავება საკმაოდ წარმატებულ ქვეყნებსაც უჭირს. მისივე თქმით, ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მზარდი ტენდენციაა, მათ შორის, ველის ხანძრებთან დაკავშირებითაც, თუმცა მიუხედავად ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მათ ხელთ არსებული მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიუხედავად, დროული რეაგირებისთვის ყოველთვის მზად არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყებათა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მისივე თქმით, გეგმავენ პროექტის „მოხალისე“ განხორციელებას, რომლის მიზანია, რომ შესაბამისი სამსახურის მისვლამდე თვითონ მოსახლეობამ მოახდინოს საფრთხის პრევენცია.

კომიტეტი მოსმენილ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, შეიმუშავებს პოზიციას, რომელიც მომავალ პარლამენტს წარედგინება.

„იმის გამო, რომ ამ მოწვევის პარლამენტის მუშაობას ფაქტობრივად ასრულებს, აქ წარმოდგენილი ინფორმაცია დარჩება კომიტეტში, შემდგომი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად იმუშავებს იმ ცვლილებებზე, რომლებიც რეალურად დაგვიცავს ხანძრებისგან და ნიადაგს დეგრადაციისგან და გადაწვისგან, ვინაიდან ეს საბოლოოდ არა მარტო ნიადაგის, არამედ ტყეების და მწვანე საფარის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის შესახებ.

საკითხი გამოიტანა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, რომელმაც კომიტეტის წევრებს გააცნო ის წინაპირობები, რამაც ამ რეკომენდაციების შემუშავება გამოიწვია. აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, კომიტეტთან სამუშაო ჯგუფიც იყო შექმნილი, რომელმაც მოამზადა კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების საფუძველზე და პარლამენტში მისი ინიცირებაც მოხდა, მაგრამ რადგან შემდეგ სამუშაო ჯგუფის შიგნით გარკვეულ საკითხებზე ვერ შეჯერდნენ, კანონპროექტს მსვლელობა აღარ მიეცა.

„ბოლო პერიოდში ცოფის ვირუსის მატების და ამ სფეროში სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო, აგრეთვე, საკითხის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მისი ეტაპობრივი მოწესრიგებისათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საკითხის საკანონმდებლო აქტით დარეგულირებამდე, გარკვეული რეკომენდაციები მივცეთ მუნიციპალიტეტებს მათ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და მათი პოპულაციის მართვის მიზნით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტმა დღესვე დაამტკიცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში, რომელიც კოლეგებს ასევე ნინო წილოსანმა წარუდგინა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, ნინო წილოსანის ინიციატივით განახორციელა.

ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში მონაწილეობდნენ ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები, რომელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და მათი მონაწილეობით წარმართული ზეპირი მოსმენების მეშვეობით, კომიტეტმა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურად საჯარო განხილვა უზრუნველყო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს