„საერთაშორისო გამჭვირვალობა“-  ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ვარდანიანის ტელევიზია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. შვიდ წელში მიღებული 12 შესყიდვიდან 9 მათგანი კი „ფარვანამ“ ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან გააფორმა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.

„კონსტანტინ ვარდანიანმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-სატელევიზიო მაუწყებლობა „ფარვანა“ ნინოწმინდაში, 2001 წლის 12 იანვარს, ოთხ ადგილობრივთან ერთად დააფუძნა. ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ნინოწმინდის ადგილობრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2013 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის მარტამდე, ვარდანიანს ორი თანამდებობა ეკავა, იგი „ფარვანას“ დირექტორიც იყო და ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც. ხელმძღვანელის პოზიცია ტელევიზიაში ვარდანიანმა მიმდინარე წლის 9 მარტს დატოვა და კომპანიის დირექტორად მისი მეუღლე, ალბინა ვარდანიანი დაინიშნა. თუმცა, ყველა სახელმწიფო შესყიდვა „ფარვანამ“ მანამდე მიიღო, ვიდრე ტელევიზიას კონსტანტინ ვარდანიანი ხელმძღვანელობდა.

ნინოწმინდის მერია, 2014 წლიდან დღემდე, „ფარვანასთან“ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვაზე ერთწლიან ხელშეკრულებებს აფორმებს. შესაბამისად, კომპანია, მთელი წლის განმავლობაში, მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს და ღონისძიებებს აშუქებს. არც ადგილობრივ რადიო „ნორს“ , რომელიც ნინოწმინდაში 2012 წლიდან მაუწყებლობს და არც ადგილობრივ ინტერნეტ გამოცემა „ჯეინიუსს“, რომელიც ჯავახეთის ამბების გაშუქებაზე 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს, ნინოწმინდის მერიისგან სახელმწიფო შესყიდვა არასდროს მიუღიათ მაშინ, როცა ამავე რეგიონში, მაგალითად, ბორჯომის მერია საინფორმციო მომსახურებისთვის გათვალისწინებულ თანხას, როგორც ადგილობრივ ტელევიზიაზე, ასევე, ინტერნეტ გამოცემასა და გაზეთზე ანაწილებს.

„ფარვანამ“, 2014-2016 წლებში, უკონკურენტოდ მოიგო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული 3 ტენდერი ნინოწმინდაში, რისთვისაც ჯამში 19 100 ლარი დაერიცხა.

ვარდანიანების კომპანია, ექვსი წელია, ნინოწმინდის მერიის ბალანსზე რიცხულ შენობაში უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. თავისუფლების N37-ში არსებული 273 კვ.მ. ფართობი, „ფარვანას“ უზურფრუქტის წესით 2015 წლის თებერვალში გადაეცა.

კონსტანტინ ვარდანიანს, 2013 წლიდან დღემდე, არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში, არც მასზე და არც მეუღლეზე რეგისტრირებული „ფარვანას“ შესახებ მითითებული არ აქვს. ამით, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ირღევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას შეისწავლონ ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინონ ხომ არ იყო ეს შესყიდვები მისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის ნიშნები. ასევე, მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კონსტანტინ ვარდანიანის ქონებრივი დეკლარაციები და კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია