პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, კომისიას შეეძლება ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს, მესამე მოსმენით, 88 ხმით დაამტკიცა.

უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი აქციების, წილების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი ხდება, ამ დარღვევის გამო მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად დანიშნოს სპეციალური მმართველი.

პროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ ან ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ან მომხმარებლების ინტერესს.

კანონპროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპეციალურ მმართველს არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ. რაც შეეხება მოთხოვნებს, მას განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით უნდა ჰქონდეს: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, იურიდიული ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების შესასრულებლად.

პროექტის თანახმად, სპეციალურ მმართველს შეეძლება განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის კონტროლი. კერძოდ:

1.დანიშნოს ან გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები;

2.სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

3.ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა.

პროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველად წარმოდგენილ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ გარკვეულ შემთხვევებში კომისიას ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის ან აქციის გაყიდვის უფლება ეძლეოდა. მესამე მოსმენით დამტკიცებული პროექტის თანახმად, კი სპეციალურ მმართველს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისების უფლება არ აქვს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს