შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი განახლებულ შენობაში იწყებს მუშაობას

დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (2-299-299) თანამედროვე შენობაში გააგრძელებს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული ინფრასტრუქტურა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ გახსნეს.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე.

დისტანციური მომსახურების მიმართ გადამხდელების გაზრდილმა მოთხოვნებმა აუცილებელი გახადა თანამედროვე დისტანციური სერვისცენტრებისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების დანერგვა, რაც გადამხდელს საშუალებას მისცემს ოპერატიულად მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება მრავალფუნქციური ონლაინსერვისების გამოყენებით.

„საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს არის თანამედროვე სტანდარტების ცენტრი, როგორც ინფრასტრუქტურით, ისე პროცესების მართვის კუთხით. ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 32 კონსულტანტი, თუმცა მომავალში იგეგმება ამ რაოდენობის გაზრდა, რათა მოხეს ე.წ. ონლაინ ჩათის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება. სატელეფონო ცენტრში დანერგილია ზარების მართვის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემები. მინდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ აღნიშნა, ბოლო 6 თვის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრი 150 ათასზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

„შემოსული ზარების განაწილების სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად შეარჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს და ოპერატორისგან სწრაფად მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას. ახალი ტექნოლოგიური პარამეტრების გამოყენებით, ყოველდღიურად 1600-მდე ზარის მიღება იქნება შესაძლებელი. ყველა თანამშრომელს ვულოცავ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი შენობის გახსნას და ვუსურვებ წარმატებულ სამსახურებრივ საქმიანობას,“ - განაცხადა მან.

ამჟამად, განახლებული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიებში გაერთიანებული და ინტეგრირებულია ყველა საჭირო საკომუნიკაციო არხი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს არამარტო სატელეფონო ზარების სერვისებით, არამედ მრავალფუნქციური სისტემებით მომსახურება, იქნება ეს - ონლაინ ჩათი, SMS სერვისი, ავტომატური გადარეკვის ფუნქციონალი გამოყენება გადამხდელების წინასწარ შერჩეულ კატეგორიაზე, მნიშვნელოვანია ე.წ. IVR-ის „ვირტუალური კონსულტანტის“ ფუნქციის დამატება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია კონსულტანტთან დაკავშირების გარეშე და სხვა.

„აღსანიშნავია საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მუშაობა COVID-19-ის პირობებში. ქოლცენტრის სამუშაო გრაფიკის 9-დან 20 საათამდე და შაბათ-კვირის ჩათვლით გახანგრძლივების პირობებში, 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში მომსახურება გაეწია 71 000-ზე მეტ ზარს, აქედან არასამუშაო საათებში სატელეფონო ცენტრმა მიიღო 6 980 ზარი.

ახალი სისტემის ინსტალაციით, ქოლცენტრს მოეხსნება აქამდე არსებული ყველა კრიტიკული პრობლემა და შეიძენს დამატებით შესაძლებლობებს, მოემსახუროს მომხმარებელს სწრაფად, მოხერხებულად, ყველა იმ ფუნქციონალით და ხარისხობრივი სტანდარტით, რაც თანამედროვე მაღალი დონის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრებს მოეთხოვებათ.

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რეკომენდაციის გათვალისწინებით, ქოლცენტრში იმუშავებს კონსულტანტთა მცირე გუნდი, რომელიც პერმანენტულად იზრუნებს პერსონალის ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მომხმარებლებზე ადაპტირებული, კვალიფიციური პასუხების მომზადებაზე”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო