რატი იონათამიშვილი - ბულინგისა და სიძულვილის ენაზე უნდა ვიყოთ მკაცრები და ადეკვატური პასუხი გვქონდეს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ციტატების დამახინჯება ხშირად ხდება. მისი თქმით, ადვილი შესამჩნევია სიძულვილის ენაც. აღნიშნული განცხადებით დეპუტატი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"თუ ყოველ ჯერზე ჩვენ სიძულვილის ენის შეფასებას არ მოვახდენთ, მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს ამ პროცესების წახალისებას, რაც დაუშვებელი უნდა იყოს თოთოეული ჩვენგანისთვის",- აცხადებს იონათამიშვილი.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სახალხო დამცველზე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ აუცილებელია თანაბარი მიდგომა ვრცელდებოდეს ყოველ ჯერზე, როცა ხდება ბულინგი და სიძულვილის ენით საუბარი.

"მე მესმის, რომ მეტი მოთმენის ვალდებულება გაგვაჩნია თანამდებობის პირებს და რაც უფრო მაღალია ჩვენი პოზიცია, მით უფრო მეტად შეიძლება, ვიყოთ როგორც თავდასხმის ადრესატები, ასევე მოთმინების ვალდებულებაც უფრო მეტად გვქონდეს, თუმცა, ამის მიუხედავად ბულინგისა და სიძულვილის ენაზე ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები და ყოველ ჯერზე გვქონდეს ადეკვატური პასუხი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რითაც სახალხო დამცველს მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.

ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ტელევიზია მას აბულინგებს. "თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა,"- მიმართა მან ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ არ უთქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია.

მანამდე პრეზიდენტმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა - " მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს