ფაშინიანი - აზერბაიჯანის მხარემ აღნიშნა, რომ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება შეუძლია, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა

უნდა გამოვიდეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ მხოლოდ განცხადებების გაკეთების წრიდან და უნდა შეიქმნას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგის სანდო საერთაშორისო სისტემა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და სომხეთის წინააღმდეგ აგრესიაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგურზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ განცხადება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს.

„ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი საზღვრების, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების დაცვა და ხელი შევუწყოთ გლობალურ უსაფრთხოებას. ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ აზერბაიჯანი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სომხეთს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას. აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას მეწამორის ატომური ელექტროსადგურზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლია. სომხეთს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოების, მათ შორის, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დაცვა, მაგრამ ეს არის განცხადება, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, რადგან ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხე, საჭიროა შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება და გამოძიების ჩატარება,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში გამართული მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და აზერბაიჯანმა კონსტრუქციული პოზიცია უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს