24 ივლისს თბილისში „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა” გაიხსნება

24 ივლისს, თბილისში „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა” გაიხსნება. გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან. ასევე, მოწვეულნი არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, ბათუმის მერიის, აშშ – ს განვითარების სააგენტოს (USAID), სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ), თსსუ-ის საუნივერსიტეტო და აფილირებული კლინიკების, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის, ემორის უნივერსიტეტის, ორგანიზაციია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა კენ ვოლკერის მემორიალის (ძეგლის ავტორი - მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე) საზეიმოდ გახსნას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ შექმნის მიზანი რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა იყო.

კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ (გუნდურ მიდგომაზე დაფუძნებული) სარეაბილიტაციო მომსახურებას.

„კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა” თბილისში 2020 წლის 1 ივლისიდან უკვე აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას ბავშვებსა და მოზარდებს. ცენტრში დასაქმებულნი არიან USAID-ის და EMORY-ის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი სპეციალისტები. მათთან ერთად სარეაბილიტაციო მკურნალობაში ჩართულნი არიან ემორის უნივერსიტეტის რეაბილიტოლოგები.

კენ ვოლკერის კლინიკის მშენებლობა დაფინანსდა კერძო ინვესტორის მიერ. შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა” თბილისსა და ბათუმში პროექტის მშენებლობაში 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კენ ვოლკერის კლინიკა თბილისში 8000 კვმ შენობა-ნაგებობასა და 4500 კვმ სარეკრეაციო და რეაბილიტაციისათვის განკუთვნილ ზონას მოიცავს. კლინიკა ერთდროულად მოემსახურება 200 ბავშვსა და 250 ზრდასრულს. კლინიკის მუშაობის დაწყებით საქართველოს ეკონომიკას დაეზოგება სოლიდური თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო ქვეყნის ფარგლებსგარეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის რეაბილიტაციის სათანადო კურსის დასაფინანსებლად. ამასთან, კენ ვოლკერის კლინიკისადმი მეზობელი ქვეყნებიდან უკვე არსებული მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკაში შემოვა დამატებითი სახსრები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.

კლინიკას მხარს უჭერს საქართველოში USAID-ის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი”, რომელსაც ემორის უნივერსიტეტი თსსუ-სთან (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), PFID-თან (კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის”) და CIL-თან („კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”) ერთად ახორციელებს.

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების პროგრამებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა პარტნიორობს „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკასთან". თბილისში, კენ ვოლკერის ახლადგახსნილ კლინიკაში განთავსდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო მიმართულების ყველა სტრუქტურული ერთეული და შეიქმნება სრული სარეაბილიტაციო კლინიკური ბაზა:

  • თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი (დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი - პროფესორი ლელა მასხულია);
  • თსსუ-ის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი (დეპარტამენტის ხელმძვანელი, კენ ვოლკერის კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი);
  • თსსუ-ის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი (დირექტორი - ვალერი ახალკაცი);
  • თსსუ-ის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი (დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი ნელი კაკულია),“- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა