გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავებებსა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრეს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44-ე სესიაზე, რომელზეც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების ზეპირი ანგარიში წარადგინა, სიტყვით ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თავის გამოსვლაში ალექსანდრე მაისურაძემ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრების და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ შემთხვევაზე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრას და უკანონო დაკავების ფაქტს ეხება. ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულებელყოფას.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის ინტენსიფიკაციით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვამ და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ, ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ უმაღლესი კომისრის ზეპირ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„კომისრის ოფისმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ოფისის წარმომადგენლებს კვლავ არ ეძლევათ ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროებების შეფასების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. კომისრის ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, 2014-2019 წლებში, სიცოცხლის ხელყოფის ოთხ შემთხვევაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა აძლიერებს დაუსჯელობის გარემოს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს არსებული დაძაბულობა და დარღვევები.

რაც შეეხება უმაღლესი კომისრის წერილობით ანგარიშს რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” შესრულებისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, ის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ 45-ე სესიაზე წარედგინება“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა