გარემოს დაცვის სამინისტრო - ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება ტყეზე ზეწოლას მნიშვნელოვნად  შეამცირებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის „ალტერნატიული ენერგორესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება“ შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყეზე ზეწოლის შემცირების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და ალტერნატიული განახლებადი ენერგიის გამოყენების გზები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„დღეს, ქვეყანაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ენერგოეფექტურობა და ტყის მდგრადი მართვა წარმოადგენს. დონორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვიმსჯელეთ - თუ როგორ შეიძლება ტყეზე ზეწოლის შემცირება ალტერნატიული ენერგორესურსების საშუალებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სიტყვით გამოსვლისას.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მონაწილეებმა საპილოტე პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელეს. აღნიშნული პროექტები საქართველოში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას და ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ალტერნატიული ენერგორესურსების და შეშის მდგრადი გამოყენების ღონისძიებები გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და CENN ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა