მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მაღალჩინოსნებისგან სააპელაციო სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, გუშინ, სააპელაციო სასამართლოზე პროკურატურის მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

როგორც თოდუა განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია მას სანდო წყაროსგან აქვს. მისივე თქმით, დღეს, სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამემდე, ამ სასამართლო შემადგენლობაზე განხორციელდა ზეწოლა გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნებისგან, რომელთაც არ აწყობდათ სხვა განაჩენის მიღება გარდა იმისა, რაც ახლა მიიღეს. ამასთან, სასამართლოში, მესამე სართულზე, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, სუს-ის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, ისინი სიტუაციას, მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ.

შოთაძესა და ზაზა სარალიძეს შორის არსებობს გარიგება იმის შესახებ, რომ ზაზა სარალიძე ხმას არ ამოიღებდა, არ გააპროტესტებდა, არ დაიწყებდა აქციებს, თუ გენერალურ პროკურორად შოთაძე დაბრუნდებოდა, სამაგიეროდ, ის კალანდიას მიმართ განაჩენს დაპირდა. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება „ქართულ ოცნებას“ აწყობს, მათ ზაზა სარალიძისთვის მიცემული აქვთ სიტყვა, რომელზეც ფაქტობრივად მიბმულია შოთაძის ხელახლა გენპროკურორობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შეასრულა მონა მოსამართლის ფუნქცია, მან მხედველობაში არ მიიღო უტყუარი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა 8 საათის განმავლობაში არ მოუსმინა სხდომებს. ეს არის კატასტროფა, როცა მოსამართლეებს დღეიდან შეეძლებათ არ მოუსმინონ მოწმეებს, ექპერტებს, მხარეებს, ითამაშონ „ფეიქბუქზე“ და ა.შ.“, - განაცხადა თოდუამ.

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა. ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო