საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უახლესი ტიპის „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორიის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ხიდსაცდელი ცენტრი“, პირველად საქართველოში, ევროსტანდარტის შესაბამისი ხიდებისა და გვირაბების საკვლევი უახლესი ტიპის „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორიით“ აღიჭურვა. მობილური ლაბორატორიის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორია“ დამონტაჟებულია „ივეკოს“ ფირმის ბოლო მოდელის (2020 წ.) სპეცავტომობილში, რომელიც საქართველოს რთულ რელიეფზეა გათვლილი. სპეცავტომობილი აღჭურვილია საველე პირობებისთვის განკუთვნილი უახლესი ტექნიკით, უკლებლივ ყველა ხელსაწყო-დანადგარით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფითა და სათავსოებით.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, უახლესი ტიპის მობილური ლაბორატორია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცა.

პროექტის განსახორციელებლად, აზიის განვითარების ბანკმა 7,5 მლნ ლარზე მეტი გაიღო. გარდა ამისა, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ხიდსაცდელი ცენტრის“ გადაიარაღება-მოდერნიზების სამუშაოებსა და ცენტრის თანამშრომელთა გადამზადებას მოიცავს.

„აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა ევროსტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი, სრულყოფილი „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორია“. „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორია“ ერთი მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სასწავლო და საექსპერტო-კვლევითი დანიშნულებით, მეორე მხრივ კი - საქართველოსთვის, რადგან მისი მეშვეობით, შესაძლებელია, როგორც არსებული, ისე მშენებარე ხიდებისა და გვირაბების დეტალური დიაგნოსტიკა საველე პირობებში და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადება. ADB-მ გაითვალისწინა უნივერსიტეტის „ხიდსაცდელი ცენტრის“ თანამშრომელთა გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაძლებლობები, პროექტის ფარგლებში განხორციელდა „ხიდსაცდელი ცენტრის“ ტერიტორიის რემონტი, ამჟამად კი, ცენტრის სრული გადაიარაღება-მოდერნიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდერნიზებული „ხიდსაცდელი ცენტრის“ ბაზაზე კვლავინდებურად გაგრძელდება სტუდენტთა ლაბორატორიული და პრაქტიკული მომზადება, რაც საგანმანათლებლო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„ხიდსაცდელი ცენტრითა“ და მობილური ლაბორატორიით ისარგებლებენ სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის, როგორც „ხიდებისა და გვირაბების“ სპეციალობის, ასევე მშენებლობის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტსა და „ხიდსაცდელ ცენტრში“ ახალი სახელმძღვანელოები და მეთოდური მითითებები მზადდება. დამუშავების პროცესშია სასწავლო გეგმა, ახალი ხელსაწყოების სირთულისა და მათი შესწავლის მოცულობის გათვალისწინებით, რაც სასწავლო პროცესში ჩართულ ლაბორატორიულ სამუშაოებში აისახება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო