საქპატენტის სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვას გეგმავს

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ანა დალაქიშვილი, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მაგისტრის ხარისხს ფლობს. მისი დარგში 8 წლიანი მუშაობის სტაჟი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) მუშაობის გამოცდილებასაც მოიცავს.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს სასწავლო ცენტრის პროგრამების მართვის გუნდს - ლალი ამირანაშვილი, ტრენინგების სამსახურს 6 წელი ხელმძღვანელობდა. საქპატენტის ახალი თავმჯდომარის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის გაძლიერება და დატვირთვა, მისი ეფექტიანი ფუნქციონირება უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახელდა. მისი გადაწყვეტილებით, უწყებაში გამოცხადდა შიდა კონკურსი, რომლის საფუძველზე ანას მიეცა საშუალება ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია დაეკავებინა და გუნდში პროფესიონალები მოეწვია. პირველი დავალება ცენტრის ახალი კონცეფციის შექმნა იყო. ინტელექტუალური საკუთრების სფეროს დინამიური განვითარების პირობებში, განისაზღვრა მთავარი მიზანი - ინტელექტუალური საკუთრების დარგში პროფესიონალთა რიცხვის ზრდა. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სპეციალისტების კვალიფიკაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. სასწავლო ცენტრის ახალი ხელმძღვანელობის ხედვით კი შედეგი მიიღწევა კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებით და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერით. სასწავლო ცენტრის მისია თანხვედრაშია საქპატენტის მთავარ მიზანთან - ინტელექტუალური საკუთრების დაცვით უზრუნველყოს ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ამისთვის საჭიროა ყველამ პატივი სცეს ინტელექტუალურ საკუთრებას, ამ უკანასკნელის შესასრულებლად კი საჭიროა ცოდნა.

მთავარი ღირებულება, რომელსაც ეფუძნება სასწავლო ცენტრი - მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა, პროფესიონალიზმი და ღიაობა. მას მერე, რაც განისაზღვრა მიზნობრივი ჯგუფები, მათი საჭიროებები და ინტერესები, მიზნები და მისი მიღწევის გზები, ჩამოყალიბდა შემდეგი ამოცანები: სასწავლო პროგრამების კატალოგის შექმნა, სტაჟირების პროგრამის დანერგვა, დარგში ახალი ტრენერების იდენტიფიცირება და მოზიდვა, სასწავლო პროცესების მართვის სტანდარტის შემუშავება, ინფრასტრუქტურის განახლება, დისტანციური სწავლების პლატფორმის შექმნა და სხვა. მზადების პროცესშია ინტელექტუალური საკუთრების ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტი, ცენტრის გეგმებშია ინტელექტუალური საკუთრების სახელმძღვანელოს შემუშავება. ამოცანების გადასაჭრელად, სასწავლო ცენტრი გეგმავს მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ეროვნული, თუ უცხო ქვეყნის დარგობრივ უწყებებთან, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პროფესიონალებთან - პატენტრწმუნებულებთან და ასოციაციებთან. საერთაშორისო, თუ ადგილობრივი პარტნიორობა, როგორც საქპატენტის, ისე საკუთრივ სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ცენტრი ესწრაფვის დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს იმ დონის კურსები, ტრენინგები და სემინარები, რომელიც აკმაყოფილებს მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტებს.

დარგის პროფესიონალებთან აქტიური თანამშრომლობით, საჭიროებების დადგენაა, იმ მექანიზმის მამოძრავებელი ძალა, რომლითაც მიმდინარეობს ახალი ტრენინგებისა და კურსების შემუშავება. ამ მოქმედებების მეშვეობით განისაზღვრება, თუ რა უნდა იქნას შეთავაზებული მიზნობრივი აუდიტორიისთვის. მოხდება კონკრეტული პროგრამის შემუშავება, რომლის სწავლებით შესაძლებელი გახდება მოცემულ გამოწვევებთან გამკლავება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი კურსის სამუშაო სახელწოდებაა “სასაქონლო ნიშანი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეების ცნობიერების ამაღლებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის აუცილებლობასა და მისგან მიღებული სარგებლის შესახებ. „გეოგრაფიული აღნიშვნა - სამეწარმეო საქმიანობის დამატებითი ღირებულება” - იმ ტრენინგის სამუშაო სახელწოდებაა, რომელიც საქართველოს რეგიონებში ჩატარდება, გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქტების მწარმოებლებისთვის. სასწავლო ცენტრის გეგმის მიხედვით, კურსები მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტს: როგორც სასაქონლო ნიშანს და გეოგრაფიულ აღნიშვნას, ასევე, დიზაინს, გამოგონებას, სასარგებლო მოდელს, საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, მცენარეთა და ცხოველთა ახალ ჯიშებს.

მიზნობრივ ჯგუფში მოიაზრება ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, მათ შორის, იურისტები, პატენტრწმუნებულები, სტუდენტები, დარგში მოქმედი ასოციაციები, პროფესორ-მასწავლებლები, დიზაინერები, საჯარო მოხელეები, გამომგონებლები, სტარტაპერები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა. ცენტრში სასწავლო პროცესებს გაუძღვებიან WIPO-ს პროექტის „ტრენინგი ტრენერებისთვის (ToT)“ პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები. მათი რაოდენობა ამჟამად 12-ია. საქპატენტის სასწავლო ცენტრის ონლაინ პლატფორმაზე მუშაობა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) მხარდაჭერით განხორციელდება.

პორტალზე პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება იქნება შესაძლებელი. EUIPO-ს მხარდაჭერით ასევე იგეგმება ინტელექტუალური საკუთრების კუთხით შესაბამისი სასწავლო კომპონენტის დანერგვა სკოლებში. თბილისის, რუსთავის და გორის სკოლებში იგეგმება ინტელექტუალური საკუთრების კუთხით გაკვეთილების ჩატარება. საქპატენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებამ შეძლოს განათლების სისტემაში საფუძვლიანად ინტეგრირება. უშუალოდ სასკოლო განათლებისთვის საქპატენტი ორ პროექტს ახორციელებს. პირველი ხორციელდება ევროკავშირის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით, რომლის ფარგლებში, სკოლებში სასაქონლო ნიშანზე, გამოგონებასა და საავტორო უფლებაზე ერთჯერადი ვიდეო გაკვეთილების დანერგვაზე მიმდინარეობს მუშაობა. პროგრამა III-IV კლასის მოსწავლეებისთვის არის მომზადებული და დამუშავების ბოლო ეტაპზეა. თავდაპირველად ვიდეო გაკვეთილები შევა თბილისის სკოლებში. დიდი ალბათობით, პროექტი გაფართოვდება რეგიონების მასშტაბითაც.

საქპატენტის სასწავლო ცენტრის გრძელვადიანი გეგმები ამბიციურია. საქართველოში არ არსებობს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სამაგისტრო საფეხურის სწავლება, არადა დარგი ვითარდება, საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება და ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელი, მინდია დავითაძე მიიჩნევს, რომ უკვე დროა ამ მიმართულების გააქტიურება. შესაბამისად, სასწავლო ცენტრის გრძელვადიან გეგმაში ჩაიწერა მიზანი - საქართველოში დაინერგოს ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სამაგისტრო პროგრამა. WIPO-ს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აფილირებული აქვს საკმაოდ მაღალი დონის სასწავლო პროგრამა. მათ შორის, იტალიაში, თურქეთში, ჩინეთში, პოლონეთში და ა.შ. ცენტრი უკვე აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს, რომ აფილირებული უნივერსიტეტების სიაში იყოს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ საკითხზე სასწავლო ცენტრის ახალმა ხელმძღვანელობამ უკვე გამართა შეხვედრა WIPO-ს აკადემიის წარმომადგენელთან, რომელზეც დაასაბუთა, რომ ეს არა მხოლოდ სურვილია, არამედ საჭიროება - საქართველოში დაინერგოს სამაგისტრო პროგრამა. WIPO-სგან თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმების შემდეგ, ცენტრი დაიწყებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათგან მხოლოდ ერთი შეძლებს მოიპოვოს WIPO-ს აკადემიის პარტნიორის სტატუსი. ცხადია, აღნიშნული გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მთავარია, რომ ამაზე უკვე დაიწყო საუბარი.

სასწავლო ცენტრის ახალ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მიზანი მიიღწევა, რაც მნიშვნელოვანი იქნება, არამხოლოდ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის - საქპატენტისთვის, არამედ, ზოგადად ქვეყნისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა