„არემჯი“ საქართველოში ფარგას აბრუნებს

დმანისის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერას მიმდებარედ, კომპანია „არემჯისა“ და ჟურნალ „ველური ბუნების“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო თევზის, ფარგის დაბრუნებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან ერთად მდინარე მაშავერაში სიმბოლურად ფარგა გაუშვეს.

„არემჯის“ კორპორაციული დირექტორის კახაბერ მჭედლიშვილის განცხადებით, ფარგის ასიათასობით ლიფსიტა ეტაპობრივად ჩაეშვება საქართველოს მდინარეებსა და ტბებში.

„ძალიან ლამაზი დღეა, გვიხარია, რომ საქართველოში ფარგა ბრუნდება. ეს პროექტი წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, ფარგის ასიათასობით ლიფსიტა ეტაპობრივად ჩაეშვება საქართველოს მდინარეებსა და ტბებში. ეს არის „არემჯის“ მიერ განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განვახორციელეთ“, - განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ეს არის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“. „არემჯის“ დაფინანსებით და ასევე სხვადასხვა დონორების მხარდაჭერით, ჩვენ დავიწყეთ ფარგას დაბრუნება საქართველოს მდინარეებში. ეს არის მრავალი წლის წინ გადაშენებული სახეობა. საკმაოდ საინტერესოა, როგორც მეთევზეობის კუთხით, ასევე კვებითი ღირებულებით. საქართველოში ფარგას დაბრუნებით ფაქტიურად, მდინარე მაშავერაში სიცოცხლე აღდგა”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ფარგა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ იგი საქართველოში ცხოვრობდა მთელი ისტორიის განმავლობაში. სხვადასხვა ანთროპოგენური მიზეზების გამო იგი გადაშენდა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ მდინარე მაშავერადან. თითო ასეთ რეინტროდუქციაში, რომ მიიღოს მონაწილეობა ბევრმა კერძო კომპანიამ დამერწმუნეთ, რომ ეკოლოგიის კუთხით საქართველო იქნება ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა”, - განაცხადა ჟურნალ “ველური ბუნების“ მთავარმა რედაქტორმა გოჩა კობერიძემ.

რამდენიმე კვირის წინ, ასი ათასობით ფარგის ლიფსიტა საცდელად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში გაუშვეს, მათ შორის მდინარე მაშავერაში, სადაც „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ძალისხმევით ბიომრავალფეროვნების ყველა პირობაა შექმნილი.

„2018 წლიდან, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, წყლის კომპონენტზე ზრუნვის მიმართულებით კომპანიამ მრავალი წყალდაცვითი პროექტი განახორციელა. სწორედ ამ შედეგების წარმოჩენის მიზნით, რეგიონის მდინარეებში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროცესი დაიგეგმა, რისი საუკეთესო მაგალითიც პროექტი „ფარგის დაბრუნება საქართველოში“ გახდა.

აღნიშნულ პროექტზე, 2019 წლის დასაწყისიდან არაერთი მეცნიერი, საერთაშორისო ფონდი თუ უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა აზერბაიჯანიდან საქართველოში ცოცხალი თევზის გადმოყვანის პირველი პრეცედენტი შექმნილიყო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო