რომან გოცირიძე - თუ უგულავა ზუგდიდში დააყენებს კანდიდატურას, გამორიცხულია მხარდაჭერა, რადგან ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, გამორიცხულია პარტიამ მხარი დაუჭიროს „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას, თუ ის თავის კანდიდატურას ზუგდიდის ოლქში დააყენებს. ამის შესახებ გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, რეგიონების თითქმის ყველა ოლქში პარტია თავისი კანდიდატურების დაყენებას გეგმავს და მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციის კონკურენტიც იქნება.

„რეგიონებში თითქმის ყველგან ვაპირებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენებას, თუმცა შესაძლებელია იყოს გამონაკლისები. ჯერ არ ვიცი, ვნახოთ, როგორი კონფიგურაცია იქნება. ჩვენი პრინციპული მიდგომაა, რომ როდესაც 120 მანდატი იქნება პროპორციული სიით, სადაც კი მაჟორიტარი არ გეყოლება, იქ აუცილებლად ზიანდება სია. ვეძებთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება. შერჩევის პროცესი ადვილი არ არის. ყველა რეგიონში, ბუნებრივია, შერჩევა მოხდება. ყველანაირი შემადგენლობა იქნება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, დეპუტატმა არ ისაუბრა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხეში ვანო მერაბიშვილი იყოს.

„ვერაფერს დაგიდასტურებთ. თუ ვანო მერაბიშვილი დააყენებს თავის კანდიდატურს, სადაც მას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი, უამრავი რამ აქვს გაკეთებული მას ამ რეგიონისთვის და ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. გუნდს ჯერჯერობით რეგიონებთან დაკავშირებით მაჟორიტარი კანდიდატები განხილული არ ჰყავს. გიგი უგულავა ახსენეთ და თუ უგულავა დააყენებს ზუგდიდში კანდიდატურას, გამორიცხულია მხარდაჭერა, რადგან ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ეს რეგიონი განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ასევე, შეუძლებელია, ვინმემ თავისი კანდიდატურა შემოგვთავაზოს და ქუთაისში ჩვენ გრიგოლ ვაშაძე არ დავაყენოთ. ამიტომ გააჩნია ოლქებს. ზოგადი პრინციპი ასეთია - თითქმის ყველგან რეგიონში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ოპოზიცია ახლა თბილისში პარტნიორები ვართ და რეგიონებში კონკურენტები, ხოლო მომავალ კოალიციურ მთავრობაში ვართ ერთიანები“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა რეგიონის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას გეგმავს. გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საუბრისას უგულავამ გუშინ კონკრეტული ოლქი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ კენჭისყრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს.

იხილეთ ვიდეო:თუ უგულავა ზუგდიდში დააყენებს კანდიდატურას, გამორიცხულია მხარდაჭერა, რადგან ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება - რომან გოცირიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა