ნაზი ჯანეზაშვილი - პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვნას დასაბუთება სჭირდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრის პოზიციაზე თამარ ღვამიჩავას დანიშვნის შესახებ მეტი დასაბუთება სჭირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, საერთოდ უცნობია იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი გამოთქვეს. აქედან გამომდინარე, როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, თუ რა პრინციპით გააკეთა ზურაბიშვილმა არჩევანი ღვამიჩავაზე.

„პრეზიდენტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ 22 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ, კერძოდ მან ამ თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავაზე გააკეთა არჩევანი. ამ ადამიანის შესახებ პირადად მე ინფორმაციას არ ვფლობ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური პირი არ ყოფილა. ასევე ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის მიერ ჩატარებული კონკურსი ვერ აკმაყოფილებდა გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი. დღემდე არ ვიცით, ვინ იყვნენ კანდიდატები და რატომ გააკეთა არჩევანი კონკრეტულად ღვამიჩავაზე საქართველოს პრეზიდენტმა, თუნდაც რა დამსახურებისა, თუ გამოცდილების გამო ამჯობინა ის სხვებს - ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას სჭირდება მეტი დასაბუთება“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა