ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიცია ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს რეგიონების ოლქებს და სადაც ცალ-ცალკე  მოგების შანსი არ აქვთ, ერთიან კანდიდატზე უნდა შეჯერდეს

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ოპოზიცია ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს მაჟორიტარულ ოლქებს რეგიონებში და სადაც დაინახავს, რომ ცალ-ცალკე კანდიდატურებს მოგების შანსი არ აქვთ, ერთიან კანდიდატზე უნდა შეჯერდნენ.

როგორც ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „საერთო რეცეფტის გამოწერა ამ შემთხვევაში მომგებიანი არ იქნება“.

„ეს არის არჩევნების დაუწერელი კანონი, რომ მაჟორიტარს ხმები მოაქვს პარტიისთვის. ის პარტია, რომელსაც ოლქებში ჰყავს საკუთარი მაჟორიტარები, გაცილებით მეტ ხმას იღებს, ვიდრე იმ ოლქებიდან, სადაც საკუთარი მაჟორიტარი არ ჰყავს. მაჟორიტარი არის დამატებითი ბერკეტი ხმების მობილიზებისთვის და „ნაციონალების“ მიდგომა სწორედ ამას ეფუძნება. ამომრჩევლის ფსიქოლოგიაზეა ეს გათვლილი. ამომრჩეველი ნაკლებად იზრუნებს სხვა პარტიის მაჟორიტარისთვის. ისევე, როგორც პარტიის აქტივისტი ნაკლებად იზრუნებს სხვა პარტიის მაჟორიტარისთვის და ამითი პარტიას პროპორციული ხმებიც აკლდება. ეს არის არჩევნების ერთ-ერთი დაუწერელი პუნქტი. ამიტომ, „ნაციონალების“ ეს მიდგომა ჩემთვის გასაგებია, თუ რატომ არ უნდათ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება. მეორე მხრივ, უგულავას მიდგომაშიცაა ლოგიკა. „ქართული ოცნების“ ფინანსური რესურსი დიდია ოპოზიციის ფინანსურ რესურსთან შორის. ლოგიკა იმაში, რომ ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი წამოაყენოს, რა თქმა უნდა, არის. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ოპოზიციამ არ დაქსაქსოს ერთმანეთის ხმები. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო და მტკივნეული იქნება მაჟორიტარულ არჩევნებში თუ ოპოზიციის ხმები გაიფანტა, შესაბამისად, ეს ხელისუფლების მოგების შანსებს ზრდის. ერთია, რომ ხელისუფლების ფინანსური რესურსი დაბალანსდეს ერთიანი ოპოზიციური კანდიდატით და მეორე არგუმენტი არის ის, რომ ოპოზიციამ ერთმანეთს ხმები არ წაართვას. „ნაციონალების“ მხარესაცაა სიმართლე იმიტომ, რომ ის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა და მას არ უნდა, რომ ხმები დაეფანტოს იმ შემთხვევაში, თუკი მაჟორიტარულ ოლქებში მათი კანდიდატურები არ იქნებიან წარმოადგენილენი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, წელს განსაკუთრებით ბევრია ოპოზიციაში ხელისუფლების სატელიტი პარტიები.

„საერთო რეცეფტის გამოწერა ამ შემთხვევაში არ იქნება მომგებიანი. თითოეული ოლქის მიხედვით რომ გაიარონ და შეაფასონ, ეს არის უკეთესი. ამ არჩევნებზე ხელისუფლებას არნახულად ბევრი სატელიტი პარტია ჰყავს და ესეც „ნაციონალების“ ლოგიკას ამყარებს, რომ მათ უნდათ საკუთარი კანდიდატით გავიდნენ რეგიონებში იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ოპოზიციურ სპექტრში ხელისუფლების სატელიტი პარტია, ამდენი არასდროს ყოფილა. არის უამრავი პარტია, რომელიც დღეს შეიძლება სატელიტი არ იყოს, მაგრამ უარი არ თქვას ხელისუფლებასთან გარიგებაზე, თუნდაც უშუალოდ არჩევნების დღეს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები რეგიონების გარკვეულ ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე მსჯელობენ. თავის მხრივ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში, თითქმის ყველა ოლქში „ნაცმოძრაობას“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა